აბუ დაბის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო, რომელმაც მცირედით აჯობა თავის აწ უკვე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონს. ეს ფინელი პილოტისთვის ზედიზედ მეორე, მიმდინარე სეზონში კი (კარიერაშიც) მეოთხე პოულია. სტარტზე მეორე რიგში დადგებიან სებასტიან ფეტელი და დანიელ რიკარდო.
შეგახსენებთ, რომ ბოტასმა ბრაზილიის რბოლაც პოულიდან დაიწყო, თუმცა ლიდერობა სტარტზევე ფეტელს დაუთმო, რომელმაც ფინიშს პირველმა მიაღწია. მაგრამ ამჯერად მათ შორის ჰამილტონი დადგება, რომელმაც სან პაულუში სტარტი პიტლეინიდან აიღო. ბოტასი ამბობს, რომ აბუ დაბიში ბრაზილიური შეცდომის გამეორებას არ აპირებს და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
ბოტასის პოულის დროა 1 წუთი და 36.231 წამი, რაც აბუ დაბის ტრეკის რეკორდია. შედარებისთვის, შარშანდელ რბოლაში ჰამილტონის პოულის დრო იყო 1:38.755. ბრიტანელი მრბოლი ამჯერად 1 წუთსა და 36.403 წამს დასჯერდა. ჰამილტონს ამ სეზონში 11, კარიერაში კი 72 საკვალიფიკაციო რბოლა აქვს მოგებული.
აბუ დაბის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:36.231
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:36.403
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.777
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.959
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.985
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:37.328
- ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:38.282
- სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:38.374
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:38.397
- ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:38.550
- - - - - - - - - -
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:38.636
- კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:38.725
- სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:38.808
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:39.298
- ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:39.646
- - - - - - - - - -
- რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:39.516
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:39.724
- პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:39.930
- მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:39.994
- ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:40.471







