კალათბურთი

10:31 | 25.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას ჩინებული შეხვედრა NBA-ში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “გოლდენ სტეიტ უორიორზმა”. ლიგის მოქმედ ჩემპიონს საკუთარ დარბაზში არანაირი პრობლემა არ შეჰქმნია “ჩიკაგო ბულზთან” შეხვედრაში – 143:94.

ჩინებულად ითამაშა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. ჩვენებური ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და ამჯერად, მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა. ზაზამ “ხარების” წინააღმდეგ 18:58 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა VIDEO. ფაჩულიამ პერსონალური ფოლი ერთადერთხელ მიიღო.

საგულისხმოა, რომ ზაზამ მიმდინარე სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. 11 ქულა ამ სეზონის საუკეთესო შედეგია, ხოლო 6 შედეგიანი გადაცემა - კარიერის.

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა უშეცდომოდ ითამაშა შეტევაში: 3-დან სამი ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი მეტოქის ფარზე ერთხელ მოხსნა. აღსანიშანვია, რომ ფაჩულია "უორიორზის" რიგებში საუკეთესო მეპასე იყო, ხოლო ჩაჭრების რაოდენობა ომრი კასპისთან ერთად ყველაზე მეტი ჰქონდა.

ზაზა თანაგუნდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ სტეფ კარის (33 ქულა), კლეი ტომპსონს (29 ქულა) და ნიკ იანგს (17 ქულა) ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ “მეომრებს” ამ მატჩში დრეიმონდ გრინისა და კევინ დურანტის გარეშე მოუწიათ თამაში.

“გოლდენ სტეიტს” 19 თამაშში 14 მოგება და 5 მარცხი აქვს. ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ოკლენდელები მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, შინ “ნიუ ორლეან პელიკანსთან” ჩაატარებენ.

0.114432