საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს გერმანიის ნაკრების დამარცხება შეეძლო, თუმცა არ გამოვიდა. ეს, ის შემთხვევაა, როდესაც თამამად შეიძლება ვთქვათ – ძალა და რესურსი არ გვეყო. არადა, რა კარგი იყო სათამაშო დროის 30 წუთი?..
სხვა და სხვა მიზეზთა გამო, საქართველოს ნაკრებს დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე დააკლა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასაწყისში. რა თქმა უნდა, დანაკლისი ჩვენს ვიზავის, გერმანიის ნაკრებსაც ჰქონდა, მაგრამ ამ ფონზე მაინც დიდი სხვაობა შეიქმნა. ბუნებრივია, დღეს გერმანიისა და საქართველოს შიდა საკალათბურთო ჩემპიონატებს შორის დიდი სხვაობაა.
ილიას ზუროსმა კარგი გათვლა გააკეთა და თავიდანვე შეხვედრა სამქულიანებზე ააგო. ისე გამოვიდა, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ქართველები ფარქვეშ არც შედიოდნენ და მთლიანად სამიანებზე გაკეთდა აქცენტი. ამან შედეგი მოიტანა და პირველ ნახევარში საქართველომ 12(!) სამქულიანი ჩააგდო. მატჩის დასაწყისი მაინც და მაინც დამაიმედებელი არ გამოდგა და მასპინძლები მალევე გაიჭრნენ წინ – 7:2. თუმცა, სწორედ აქედან დაიწყო სამქულიანების კასკადი. მაიკლ დიქსონი და მიხეილ ბერიშვილი თითქმის უშეცდომოდ ისროდნენ. მათ მხარი მერაბ ბოქოლოშვილმა აუბა, რომელმაც ორი სამქულიანი მოათავსა კალათში და განსაკუთრებით, ბრწყინვალე პირველი გამოდგა, საკმაოდ შორი დისტანციიდან ჩააგდო.
პირველი პერიოდი სრული თანაფარდობით წარიმართა და ამაზე ანგარიშიც მეტყველებდა – 18:18. დაახლოებით იგივე სცენარი იყო მეორე მეოთხედშიც. საქართველო პერიმეტრიდან უტევდა და თან ძალიან კარგად, ხოლო გერმანია რობინ ბენზინგზე აწყობდა თამაშს. სხვათა შორის, ბენზინგის შეჩერება ძალიან გაჭირდა და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. რობინი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მეორე პერიოდში ბერიშვილმა და დიქსონმა განაგრძეს სამიანების ჩაგდება. მათ მანუჩარ მარკოიშვილი და ნიკოლოზ ცქიტიშვილიც მიეშველნენ და დიდ შესვენებაზე უპირატესობით გავედით – 41:40. ისე, მეტიც შეიძლებოდა სხვაობა ყოფილიყო, მაგრამ სირენამდე წამებით ადრე ბენზინგმა სამიანი ჩააგდო, ხოლო მასზე ქართველი კალათბურთელი დაჯარიმდა და ხუთქულიანი უპირატესობისგან ერთი ქულაღა დარჩა. სხვათა შორის, საქართველომ პირველ ტაიმში მოპოვებული 41 ქულიდან 36 სამქულიანებით მოიპოვა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა – გერმანელთა თავკაცმა კარგად დაინახა, რომ პერიმეტრის გადაკეტვა იყო საჭირო და ასეც მოიქცა. საქართველომ ისე ლაღად ვეღარ ისროლა სამიანები. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პირველის საპასუხოდ მეორე ნახევარში მხოლოდ 4-ჯერ ჩავარდა ბურთი კალათში. ამასობაში კი, ბენზინგის შეჩერება ისევ ჭირდა. და მაინც, მესამე მეოთხედიც პირველი დარად, საყაიმო ანგარიშით დასრულდა (20:20) და ყველაფერი ბოლო მეოთხედს უნდა გადაეწყვიტა. ჩვენთვის, თითქოს საგანგაშო არაფერი იყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რესურმა და ძალამ მეტი აღარ შეგვაძლებინა. გოგა ბითაძე პერსონალურებით მალევე დაიტვირთა და თამაშის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გადაინაცვლა სკამზე. ისე, გოგამ ხუთივე ფოლი შეტევაში მიიღო და ამაზე მუშაობა სამომავლოდ აშკარად მართებს 18 წლის ნიჭიერ კალათბურთელს.
გაჭირვებულს ქვა აღმართში წამოეწიაო, ისე დაგვემართა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში, მანამდე არაფრით გამორჩეულმა ანდრეას ობსტიმ ორი სამქულიანი ჩააგდო. არადა, ამავე მოთამაშეს მთელ სამ პერიოდში მხოლოდ სამი ქულა ჰქონდა აქტივში. ცალსახაა, რომ სწორედ იმ წუთებში გატყდა საქართველოს ნაკრები. ვეღარც პერიმეტრიდან ვახერხებდით ჩვეულად შეტევას – გერმანია თავს დიდებულად იცავდა. სამწამიანიდან კი არაფერი გამოვიდა. საქართველოს ნაკრებს კონტრთამაში არ აღმოაჩნდა და ესეც რესურსის არქონის გამო უპირველესად. თავად განსაჯეთ – სამწამიანში ბითაძე უნდა დატვირთულიყო, თუმცა ჩვენი ცენტრი უკვე კარგა ხნის გავარდნილი იყო თამაშიდან. შესაბამისად, არ გამოვიდა. აღსანიშნვია, რომ მეოთხე მეოთხედის საწყის რვა წუთში საქართველომ აქტივს მხოლოდ სამი ქულა წაამატა – ლევან ფაცაციცას ერთადერთი სამქულიანი... ერთი ხანობა ანგარიშში სხვაობამ 12 ქულა შეაგდინა, მაგრამ ბოლოსკენ ოდნავ შემცირდა ჩამორჩენა და საბოლოოდ 70:79 დავმარცხდით.
ცალსახაა, რომ ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება. როგორც უნდა იყოს, ამ ფორმაციის საქართველოზე ძლიერი გერმანია ნამდვილად იყო და ბევრისთვის ის თამაშიც მოულოდნელი გახლდათ, რომელიც ვნახეთ. წინ კიდევ 5 შეხვედრაა. არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე ტურის შემდეგ ჩვენი შემადგენლობის გაძლიერებას ველოდებით. როგორც ევროლიგის მოთამაშეების, ისე ტრავმირებულების დაბრუნებით. თან, ჯგუფიდან სამი გუნდი გადის. თუმცა, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს აქ ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ, ბოლო ადგილოსანთან თამაშების გარდა.
რაც შეეხება ქემნიცის შეხვედრის სტატისტიკურ ციფრებს: საქართველოს ნაკრებმა 34-დან 16 სამქულიანი (47.06%) ჩააგდო და ეს მართლაც დიდებული შედეგია. თუმცა, მეორე ტაიმში პროცენტული მაჩვენებელი ამ მხრივაც გაფუჭდა. მეტიც, გერმანიამ 17-დან რვა სამქულიანი ჩააგდო და სხვათა შორის, პროცენტულად ზუსტად იგივე მაჩვენებელია, რაც საქართველოს ნაკრებს ჰქონდა საფინალო სასტვენის შემდეგ. არც ჯარიმები გვისვრია ცუდად (14-დან 10). მაგრამ, აქილევსის ქუსლი გამოდგა სამწამიანი – ზუროსის შეგირდებმა ფარქვეშიდან მხოლოდ 6 სტყორცნა მოათავსეს კალათში 23-დან... ისევ სამქულიანებს დავუბრუნდეთ და 16 ზუსტი სროლა ასე გადანაწილდა: ბერიშვილი - 5, დიქსონი - 5, ცქიტიშვილი - 2, ბოქოლიშვილი - 2, მარკოიშვილი - 1 და ფაცაცია - 1.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი გახლდათ, რომელმაც მატჩი 23 ქულით, 4 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. მაიკლი უბრალოდ შეუდარებელი იყო სამ მეოთხედში, მაგრამ ბოლოს დაღლილობა დაეტყო და დასკვნით პერიოდში გერმანელებმა ადვილად გაანეიტრალეს. თუმცა, კარგის მეტი რა გვეთქმის, მთითქმის არ დაუსვენია და პარკეტზე 37:29 წუთი(!) გაატარა. მიხეილ ბერიშვილმა 15 ქულა დააგროვა – მან 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო. ათქულიან ზღვარს სხვები ვერ აცდნენ, თუმცა ახლოს იყო ნიკოლოზ ცქიტიშვილი 8 ქულა), მანუჩარ მარკოიშვილი (7 ქულა) და მერაბ ბოქოლიშვილი (7 ქულა). რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს – რობენ ბენზინგი იყო შეუჩერებელი: არასრულ 27 წუთში 25 ქულა მოუტანა თავის გუნდს. მაიკ ზირბესსაც არ დაეწუნებოდა არაფერი (17 ქულა). სხვათა შორის, მან განსაკუთრებით შედეგიანად ბოლო მეოთხედში ითამაშა. რაც შეეხება უკვე ნახსენებ ობსტს, მატჩი იმ 9 ქულით დაასრულა, რომელთაგანაც 6 გადამწყვეტ მომენტში დააგროვა.
საქართველოს ნაკრების თამაშს რაც შეეხება - უდავოდ აქტივში უნდა შევიტანოთ. სულ რამდენიმე დღის შეკრებილია გუნდია და მათგან უმეტესობას ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია. მოკლედ, მართლაც დამაიმედებელი დასაწყისი იყო და ვნახოთ, რა იქნება შემდეგ მატჩებში. რაც მთავარია დავინახეთ, რომ საქართველოს ნაკრებს დიდი დანაკლისის მიუხედავად კალათბურთის კარგად თამაში ხელეწიფება და ქემნიცის შეხვედრამ ეს ნათლად გამოაჩინა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას 27 ნოემბერს, ბელგრადში, ჯგუფის ფავორიტ სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოლოდინისამებრ, სერბეთმა ავსტრია ადვილად დაამარცხა - 85:64.
გერმანია – საქართველო 79:70 (18:18, 22:23, 20:20, 19:9)
გერმანია: საიბუ – 4 წთ, 0 ქ. ლოხარტი – 9 წთ, 2 პ, 2ჩ. ტადა – 24 წთ, 2 ქ, 1 მ, 4 პ, 1 დ. ბენზინგი – 27 წთ, 25 ქ, 3 მ, 3 პ. დორეტი – 23 წთ, 0 ქ, 2 მ, 3 პ. აკპინარი – 18 წთ, 4 ქ, 3 მ, 3 პ, 2 ჩ. ბართელი – 23 წთ, 7 ქ, 8 მ, 3 პ, 2 დ. ტიემანი - 16 წთ, 8 ქ, 5 მ, 1 პ, 1 ჩ. ზირბესი – 25 წთ, 17 ქ, 5 მ, 1 პ, 2 ჩ, 1 დ. ობსტი – 18 წთ, 9 ქ, 2 პ. ჰარტენშტეინი – 18 წთ, 7 ქ, 9 მ, 2 პ, 1 დ.
ზუსტი სროლა – 29/60 (48.33%), ორქულიანი – 21/43 (48.84%), სამქულიანი – 8/17 (47.06%), მოხსნა შეტევაში – 12, მოხსნა დაცვაში – 27, მოხსნა ჯამში – 39, პასი – 24, პერსონალური ფოლი – 22, დაკარგვა – 13, ჩაჭრა – 7, დაფარება – 5.
საქართველო: დიქსონი – 38 წთ, 23 ქ, 4 მ, 5 პ, 2 ჩ. ბოისა – 4 წთ, 0 ქ. მარკოიშვილი – 31 წთ, 7 ქ, 4 მ, 5 პ, 1 ჩ. ფაცაცია – 15 წთ, 3 ქ, 3 მ, 1 პ, 1 დ. დარბაიძე – 2 წთ, 0 ქ. ბერიშვილი – 34 წთ, 15 ქ, 4 მ, 4 პ, 2 ჩ, 1 დ. ბოქოლიშვილი – 33 წთ, 7 ქ, 1 მ, 1 ჩ. დვალიშვილი – 9 წთ, 3 ქ, 2 მ. ცქიტიშვილი – 19 წთ, 8 ქ, 5 მ. ბექაური – 2 წთ, 0 ქ, 1 მ. ბითაძე – 17 წთ, 4 ქ, 3 მ, 1 პ, 1 დ.
ზუსტი სროლა - 22/57 (38.6%), ორქულიანი – 6/23 (26.09%), სამქულიანი – 16/34 (47.06%), საჯარიმო სროლა – 10/14 (71.43%). მოხსნა შეტევაში – 10, მოხსნა დაცვაში – 18, მოხსნა ჯამში – 28, პასი – 16, პერსონალური ფოლი – 23, დაკარგვა – 17, ჩაჭრა – 6, დაფარება – 3.