საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სადებიუტო შეხვედრა წააგო. ილიას ზუროსის გუნდმა ქემნიცში, გერმანიის ნაკრებთან ვერ შეძლო წარმატებით თამაში და საბოლოოდ, 70:79 დამარცხდა.
არადა, საქართველოს ნაკრები სამი მეოთხედის განმავლობაში მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდა. მეტიც, დასკვნითი ათწუთეულის წინ ერთ ქულასაც იგებდა, მაგრამ სამწუხაროდ, მეოთხე პერიოდში გერმანიამ აჯობა ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ათ წუთში ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ 9 ქულა შემატეს საკუთარ აქტივს და დიდწილად მარცხიც ამ შედეგმა განაპირობა.
ეს პირველი თამაში იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. საქართველო მეორე ტურში სერბეთს 27 ნოემბერს, ასევე სტუმრად დაუპირისპირდება.
გერმანია – საქართველო 79:70 (18:18, 22:23, 20:20, 19:9)
WORLDSPORT.GE აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.