პერუს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის "ლოკომოტივის" შემტევი ჯეფერსონ ფარფანი გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში ხმების 41% მიიღო. მეორე ადგილზე "მილანის" თავდამსხმელი ანდრე სილვა (25%) გავიდა, ხოლო მესამეზე - "სლავიას" ნახევარმცველი იოზეფ გუშბაუერი (14%).
ფარფანმა "კოპენჰაგენთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და რუსულ გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაუტოვა. მიმდინარე სეზონში ჯეფერსონმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.