ფერნანდო ალონსო თავისი ოცნების ასრულებას - ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობას სულ უფრო უახლოვდება. ახლახანს, ბაჰრეინში მან „ტოიოტას“ LMP1 სარბოლო პროტოტიპით, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ტესტებში მიიღო მონაწილეობა.
ტესტების ერთი დღის განმავლობაში, მან 100 წრის გავლა მოახერხა. მისი საუკეთესო დრო წრეზე 1 წუთი და 43.013 წამი იყო, რაც „ტოიოტას“ სტაჟიან პილოტ მაიკ კონვეის საუკეთესო დროზე დაახლოებით ექვსი მეათედით უარესია. მოკლედ, ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონს ერთობ კარგი დებიუტი ჰქონდა, რითაც „ტოიოტას“ მრჩეველი, ფ1-ის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი ალექს ვურცი კმაყოფილი დარჩა.
„მე სპორტული ავტომობილების ფანი ვარ და ვამაყობ, როცა პროფესიონალი მრბოლი ამ პროტოტიპით აღფრთოვანებული რჩება. ფერნანდო ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლია და როგორც მოსალოდნელი იყო, მან ტესტებზე შესანიშნავად იასპარეზა. ის უცხო გარემოს სწრაფად შეეგუა და პერსონალს ძალიან სასარგებლო და ჩამოყალიბებულ მოსაზრებას აწვდიდა“, - ამბობს ვურცი.
შეგახსენებთ, რომ ალონსოს მიზანი, ავტოსპორტის სამი გვირგვინის დაუფლებაა. მათ შორისაა ფ1-ის მონაკოს დიდი პრიზი, ინდი 500 და ლე მანის 24 საათი. ესპანელ პილოტს სურს, რომ ამ სამივე რბოლაში გამარჯვება მოიპოვოს, რაც ადრე არავის გაუკეთებია.







