ფეხბურთი

18:17 | 23.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონობის ეფექტი ბოლო ტურში

17 მაისი, 2002 წელი. საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩემპიონობაზე პრეტენზიას ერთბაშად სამი გუნდი აცხადებდა: თბილისის “ლოკომოტივი”, თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო”.

განგებით, ქართული ელ კლასიკო სწორედ დასკვნით ტურში შედგა, მასპინძელი ქალაქი კი ქუთაისი იყო. თუ იმერლები მოიგებდნენ, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მესამედ დაისაკუთრებდნენ, ხოლო “დინამოს” გამარჯვების შემთხვევაში, ან “დინამო” იჩემპიონებდა, ანაც “ლოკომოტივი”.

ქუთაისში, იმ დღეს ნემსიც არ ჩავარდებოდა. ახლა უკვე “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონი პირთამდე გაივსო და მეტიც, ხალხი განათების ბოძებზეც კი იყო, ოღონდ თამაშისთვის თვალი მიედევნებინათ. არახალია, რომ ასეთ ფაქტს საქართველოში შეჩვეულნი არ ვართ და ძნელია გავიხსენოთ თამაში, როდესაც ტრიბუნები გადაჭედილი იყო. თუმცა, ქუთაისში ფეხბურთი ძალიან უყვართ და თან საჩემპიონო მატჩი გახლდათ. საბოლოოდ, “ტორპედომ” მოიპოვა ოქროს მედლები. გამარჯვების გოლი კი მალხაზ ასათიანმა გაიტანა პენალტით.

გავიდა აგერ 15 წელი და დაახლოებით იგივე ვითარებაა. ახლა უკვე ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობას ისევ “დინამო” და ტორპედო” ეცილებიან. სხვაობა ორი ქულაა, ხოლო სათამაშო ერთი ტური. “დინამო” და “ტორპედო” ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან, როგორც მაშინ, ოღონდ არა ქუთაისში, არამედ თბილისში. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, იმის ილუზია ნამდვილად არ გვაქვს, რომ “დინამო არენა” ისე გადაივსება, როგორც მაშინ ქუთაისში სტადიონი, მაგრამ ცალსახაა, რომ ქომაგი მოვა. ფაქტობრივად ხომ ფინალია?!

ისე, შეხვედრის დაწყების დროდ 14:00 საათია მითითებული. გასაგებია, ბოლო ტურია და ყველა მატჩი პარალელურად იწყება, მაგრამ ვინაიდან აღნიშნულ მატჩს სხვა შეხვედრებზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია, ალბათ შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ დაწყების დრო ოდნავ გადაიწიოს. ამას ბევრი მიზეზი აქვს: მიუხედავად იმისა, რომ კვირაა, უქმე დღე, მაინც ბევრი მუშაობს და ძნელად სავარაუდოა დღის ორ საათზე ფეხბურთისთვის მოიცალოს. გარდა ამისა, სულ სხვა ეფექტი ექნება ამ თამაშის საღამოს განათებაზე გამართვას და კიდევ, სტუმართა ქომაგების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. ქუთაისიდან თბილისამდე მგზავრობას 3-დან 4 საათამდე სჭირდება და გამოდის, რომ კარგა დილაადრიან მოუწევთ სტუმრებს დედაქალაქისკენ გეზის აღება...

ახლა, კი ოდნავ თემას გადავუხვიოთ და გავიხსენოთ ისე მატჩები, როდესაც ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურმა გადაწყვიტა:

რაღა შორს წავიდეთ და, აგერ, ბოლო ჩემპიონის ვინაობა უშუალო დაპირისპირებამ გაარკვია. თუმცა, მაშინ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონი ფინალური მატჩით გამოვლინდებოდა. საბოლოოდ, “სამტრედიამ” და “ჩიხურამ” ორრაუნდიან ბრძოლაში გამოვლინეს საუკეთესო –“სამტრედიამ” შინ 2:0 მოიგო და მერე სტუმრად ასეთივე ანგარიშით იგებდა, თუმცა საჩხერელებმა მეორე თამაში მაინც გადაარჩინეს (2:2). მიუხედავად ამისა, ორი მატჩის ჯამში “სამტრედიამ” გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

სადებიუტო ოქროს მედლები ასევე ოქროს მატჩის წყალობით მოიპოვა “ვიტ ჯორჯიამ”. “ვეტერინარებმა” 2003-2004 წლების სეზონის გათამაშება ბოლნისის “სიონთან” ერთად 41 ქულით დაასრულეს და მაშინდელი რეგლამენტის წყალობით, ჩემპიონის გასარკვევად დამატებითი თამაში, ე.წ “ოქროს მატჩი” გახდა საჭირო. 2004 წლის 30 მაისს, ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავდა – “ვიტ-ჯორჯიამ” “სიონს” რევაზ გოცირიძისა და ვლადიმერ გოჩაშვილის გოლებით აჯობა და ტიტული მოიპოვა.

2002 წლის ფინიშზე უკვე ვთქვით – მაშინ, ალბათ ყველაზე დაძაბული ვითარება გახლდათ. სამი გუნდი ერთი ადგილისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ტორპედო” გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე “ლოკომოტივი” გავიდა, ხოლო “დინამო” მესამე პოზიციას დასჯერდა.

ჯერჯერობით, საქართველოს ჩემპიონატში სწორედ ეს სამი სეზონი იყო, როდესაც ჩემპიონობის ბედი კულმინაციურად ბოლო ტურში და თან ურთიერთშეხვედრის წყალობით გადაწყდა. მალე მეოთხეც იქნება.

26 ნოემბერს, “დინამო არენაზე” საჩემპიონო თამაშია. საჩემპიონო მატჩებს კი ცარიელი ტრიბუნები სულაც არ უხდება...

0.165334