საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიასთან მატჩისთვის მზადების დასკვნით ფაზაშია. ილიას ზუროსის გუნდს გერმანიაში შეუერთდა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელმაც მოახლოებული შეხვედრის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.
მარკოიშვილის განცხადებით, მიუხედავად დანაკლისა, საქართველოს ნაკრები ბოლომდე დაიხარჯება და ეცდება, რომ გერმანიაში დადებით შედეგს მიაღწიოს.
“დღევანდელი ვარჯიში უფრო გაცნობითი ხასიათის იყო. ტაქტიკა დავამუშავეთ და უფრო მეტად თავდასხმაზე ვიმუშავეთ. მართლაც სასიამოვნო იყო ჩემთვის პირველი ვარჯიში. სამწუხაროდ, თბილისში ვერ შევუერთდი გუნდს. აქედან გამოდინარე, გამიხარდა ამ ბიჭების ნახვა და ვეცადეთ, რომ დღევანდელი ვარჯიში მაქსიმალურად გამოგვეყენებინა.
რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის დანაკლისი, რაც გვაქვს. განსაკუთრებით სანაძე და ცინცაძე, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩვენთან ერთად. თუმცა, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, - განაცხადა მარკოიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას გერმანიასთან სტუმრად ჩაატარებს. აღნიშნული მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.