ფეხბურთი

22:00 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

განხეთქილება გრძელდება: ვისი კადრი იყო ჯან პიერო ვენტურა?
ტავეკიო ლიპის ადანაშაულებს, ლიპი ბრალდებას უარყოფს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში განხეთქილება გრძელდება. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტი კარლო ტავეკიო პოსტიდან გადადგა. ამის შემდეგ კარლომ ყველა კარტი გახსნა. მას ბევრი ადანაშაულებდა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯან პიერო ვენტურა დანიშნა, მაგრამ როგორც თავად განაცხადა, ვენტურა არ ყოფილა მისი არჩევანი.

“ვენტურა მარჩელო ლიპიმ აირჩია”, - მოკლედ მოჭრა ტავეკიომ.

თავის მხრივ, ლეგენდარული სპეციალისტი, რომელიც ახლა ჩინეთის ნაკრებს უდგას სათავეში, ფედერაციის ექსპრეზიდენტის ბრალდებას უარყოფს:

“ვენტურა მე არ შემირჩევია – ტავეკიოს როგორც ჩანს, მოკლე მეხსიერება აქვს. ვენტურა კარგი ადამიანი და კარგი მწვრთნელია, მაგრამ ის არ ყოფილა ჩემი არჩევანი.

როგორც იტალიის ნაკრების ტექნიკური დირექტორი, ტავეკიოს ვურჩიე ჯან პიერო ვენტურას, ვინჩენცო მონტელასა და ჯან პიერო გასპერინის კანდიდატურები და ვუთხარი, რომ თავად აერჩია. მან როგორც ნახეთ, ვენტურა აირჩია”, - განუცხადა ლიპიმ Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა, თუმცა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა და პოსტის ვადაზე ადრე დატოვება მოუხდა.

0.100801