ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეცხრე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “ბასკონიამ”. ბასეკბმა სტუმრად “ბურგოსი” პრობლემების გარეშე დაამარცხეს – 100:76.
სტუმართა ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
თორნიკემ 25:17 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ჩვენებურმა 8-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ორჯერ არაზუსტად ისროლა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში შედეგიანობის მხრივ საუკეთესო გახლდათ და მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი დააფიქსირა – 27.
“ბასკონიას” ცხრა ტურის შემდეგ 5 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს შედეგი კი მეშვიდე ადგილისთვისაა საკმარისი. ბასკები მომდევნო ტურში 3 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე “მონბუსთან” ითამაშებენ.