ფეხბურთი

3:04 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ლიდერობა განიმტკიცა, "რომამ" დერბი მოიგო (+VIDEO)

იტალია ჯერ შოკიდან არ გამოსულა, მაგრამ სერია A მაინც განახლდა. განახლდა ორი სუპერმატჩით, რომელთაც მოლოდინი გაამართლეს. ჯერ რომაული დერბი იყო დედაქალაქში, მერე ნეაპოლში ლიდერი “მილანს” მასპინძლობდა.

თავიდანვე გეტყვით, რომ ორივე მატჩს ერთი და იგივე სცენარი ჰქონდა და ორივეში გამარჯვებას მასპინძლებმა მიაღწეს.

“სტადიო ოლიმპიკო” გაივსო და ორადაც გაიყო: “რომა” და “ლაციო” თავს შინაურ გარემოში გრძნობდნენ, მაგრამ ნომინალური მასპინძელი მაინც “ჯალოროსი” იყო. ეს დაეტყო კიდევ შეხვედრას და ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდი მთელი თამაში დომინირებდა მეტოქეზე. საპასუხოდ “ლაციო” ვერ ახერხებდა დიდად ღირებულის შექმნას და ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყო დამოკიდებული. ნათელი გახლდათ, რომ ასე დიდ ხანს ვერ გაძლებდა “ლაციალე”, თუმცა პირველი ტაიმი გაუძლო. აი, მეორე ნახევრის დაწყება და “რომას” გოლი ერთი იყო – დიეგო პეროტიმ შეაგდო პენალტი. სხვათა შორის, არგენტინელმა “ლაციოს” მესამე გოლი გაუტანა და ამაზე მეტი გოლი მას არცერთ სხვა იტალიური გუნდისთვის არ გაუტანია. თავის მხრივ, სიმონე ინძაგის გუნდს მეორე ტაიმის სტარტზე აშკარად პრობლემები აქვს – მეცხრე გოლი გაუშვა მისმა გუნდმა მეორე ნახევრის პირველ 15 წუთიან ინტერვალში და ეს ყველაზე ცუდი შედეგია მიმდინარე სეზონში. პრობლემამ თავი მალევე იჩინა და “ლაციოს” პირველი გოლი არ ჰქონდა გადახარშული, მეორე რომ გაუშვა – რაჯა ნაინგოლანმა გაისროლა შორიდან და სტრაკოშას ნახტომი ამაო იყო. მართალია, ბოლოს ჩირო იმმობილემ ანგარიში დაასველა, მაგრამ “რომა” იმსახურებდა გამარჯვებას. თითქმის მთელი თამაში შეტევაში გაატარა. სხვათა შორის, “ჯალოროსიმ” ბოლო 6 დერბიდან მეხუთე მოიგო (იტალიის ჩემპიონატში). ეს არ ყოფილა მხოლოდ მოძულე “ლაციოზე” გამარჯვება. “რომამ” თანაქალაქელს სატურნირო ცხრილშიც გაასწრო.

მეორე შეხვედრაშიც დაახლოებით იგივენაირად წარიმართა ყველაფერი: “ნაპოლი” მეტოქეს სჯობდა, ხოლო სტუმარმა ბოლოსკენ გაქვითა ერთი გოლი – “მილანმა” პირველი ნახევარი მართლაც ამაზრზენად ჩაატარა. საინტერესოა, რომ “როსონერი” 45 წუთში მეტოქის საჯარიმოში ბურთს არ შეხებია. ასეთი რამ კი მიმდინარე სეზონში მესამედ მოხდა. აქედან ორჯერ იგივე “ბენევენტოს” დაემართა. “ბენევენტო” ჰო, მაგრამ “მილანი”... ამას შევეშვათ და, ლორენცო ინსინიეზე ვთქვათ – ჯან პიერო ვენტურამ შვედეთთან მატჩებში მისი საჭიროება ვერ დაინახა, არადა, ყველა კარგად ხედავს, რომ ლორენცო უბრალოდ დიდებულ ფორმაშია. ახლაც ასე იყო, საუკეთესო გახლდათ მინდორზე. ანგარიშიც მან გახსნა. ბონუჩი და მუსაკიო ხელოვნური თამაშგარის შექმნას სცდილობდნენ, მაგრამ ალესიო რომანიოლი ჩარჩა და ყველაფერი გააფუჭა – ვიდეორეფერის არაფერი გამოპარვია – 1:0.

მეორე ნახევარი განსხვავებული გამოდგა. “როსონერი” გონს მოვიდა და თამაში მკვეთრად გამოასწორა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. ამასობაში კი, მასპინძელთა კონტრშეტევა გამოეპარათ ლომბარდიელებს და პიოტრ ჟიელინსკიმ დონარუმას ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. ყველაფერი იქ გადაწყდა. “მილანი”, რომელიც ვერ ახერხებდა პეპე რეინას შეწუხებას 20 წუთში 2 გოლის გამტანს არ ჰგავდა – ვერც გაიტანა. თუმცა, ბოლო წუთზე რომანიოლიმ კი შეაგდო ლამაზი გოლი, შორიდან ერთი შეხებით. და მაინც, ეს არ ყოფილა ვინჩენცო მონტელასთვის და მეტადრე “მილანის” ტიფოზებისთვის შვება... “ნაპოლი” კი ისევ ლიდერია და თუ ხვალ რომელიმე კონკურენტი წაიბორძიკებს, უპირატესობაც მის სასარგებლოდ გაიზრდება.

“რომა” – “ლაციო” 2:1 (0:0)VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 55 775

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი (ბრუნო პერესი 80), მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი (ჟუან ჟესუსი 85), დე როსი, სტროტმანი; ელ შაარავი (ჟერსონი 73), ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ლაციო” (3-4-2-1): სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ (პატრიკი 77); მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (ნანი 59), ლულიჩი (ლუკაკუ 58); მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუის ალბერტო; იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 პეროტი (49, პენ), 2:0 ნაინგოლანი (53), 2:1 იმმოვილე (72, პენ)

გაფრთხილება: ნაინგოლანი (67), ფაციო (88) - ლულიჩი (18), ლუკას ლეივა (26), ლუის ალბერტო (55), ნანი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 5 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ნაპოლი” – “მილანი” 2:1 (1:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 55 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (მაჯო 66); ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (ჟიელინსკი 69); კალეხონი (როგი 78), მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“მილანი” (3-4-2-1): დონარუმა; მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი; ბორინი (აბატე 77), კესი, მონტოლივო (ბილია 85), ბონავენტურა; სუსო (ანდრე სილვა 45), ლოკატელი; კალინიჩი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ინსინიე (33), 2:0 ჟიელინსკი (73), 2:1 რომანიოლი (90)

გაფრთხილება: ალანი (90), ალბიოლი (90) - ბორინი (5)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (12) – 10 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 15 გოლი, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 11, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 11, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133279