გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი “საბურთალო” ბათუმში აგებდა, მაგრამ გაიმარჯვა (2:1) და მეოთხე პოზიცია გაიმყარა. თუ “ჩიხურა” თასს ვერ აიღებს, მაშინ ევროტურნირებზე სწორედ მეოთხეადგილოსანი გავა.
საბურთალოელები სამი ქულით უსწრებენ “ლოკომოტივს” და ამ გუნდებმა თანაბარი ქულები რომ დააგროვონ, ჭიაბრიშვილის გუნდი გავა მეოთხეზე: ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს.
აი, ბათუმის “დინამო” კი მერვე ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ბოლნისის “სიონს” შეხვდება. ეს გადაწყვეტილია.
თამაშს რაც შეეხება, ბათუმელებმა უკეთ დაიწყეს და დაწინაურდნენ. ვაკო თევდორაძემ კუთხური ჩააწოდა, ვაჟა ქორიძემ მძლავრი თავურით გადაგზავნა ბურთი კარისკენ და ელგუჯა გრიგალაშვილმა თავითვე დაამატა. გოლი გრიგალაშვილს ჩაეწერა, თუმცა ქორიძის დიდი წვლილიც იყო.
საპასუხო ბურთი ალბანელმა ნდუე მუეცმა შეაგდო. თორნიკე თარხნიშვილის გარჯა უნდა დავაფასოთ, რომელმაც თითქმის დაკარგულ ბურთს მიუსწრო, ჩააწოდა და იქ ჯერ ნიკა მგელძე შეცდა, მერე მირზა ფარტენაძეც. მუეცმა კი საჩუქარი შეირგო და ზუსტად დაარტყა – 1:1.
ეს მუიეცის მეორე გოლია “საბურთალოში”. პირველიც ბათუმის “დინამოს” გაუტანა.
ოთხ წუთში კი საჯარიმო დაინიშნა, გიორგი ხარაიშვილმა შორეულ ძელთან ჩააწოდა და დავით ვოლკოვმა მორიგი გოლი გაიტანა – 1:2. ეს ვოლკოვის საიუბილეო, მეათე გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში. ის სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა გუნდს.
ეროვნული ლიგა. 34-ე ტური
ბათუმი. რაგბი არენა
დინამო (ბათუმი) – საბურთალო (თბილისი) 1:2 (1:0)
დინამო ბთ: ტაკიძე, ფარტენაძე, ქორიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე, შონია, ვ.თევდორაძე (მარცვალაძე 74), გ.ქავთარაძე (ფლამარიონი 81), ე.გრიგალაშვილი, კვასოვი
მწვრთნელი: ასლან ბალაძე
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თედო გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (გვარაძე 79), თარხნიშვილი, ხარაიშვილი, მუეცი, შინდაგორიძე (იმნაძე 83), ვოლკოვი (ტერა 63)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლები: 1:0 ე.გრიგალაშვილი (3), 1:1 მუეცი (56), 1:2 ვოლკოვი (60)
გაფრთხილება: თარხნიშვილი, იაშვილი, მარგველაშვილი
მსაჯი: ნინუა