ჩოგბურთი

21:25 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელობა  ლონდონში: ფედერერი  გოფინთან დამარცხდა (+VIDEO)

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში დავიდ გოფინთან 6:2, 3:6, 4:6 დამარცხდა. პირველი სეტის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ შვეიცარიელი ფინალის საგზურს ვერ მოიპოვებდა, თუმცა ნაწილობრივ ბელგიელის კარგი თამაშის და ნაწილობრივ ფედერერის შეცდომების წყალობით, მსოფლიოს მერვე ნომერი სენსაციის ავტორი გახდა.

როჯერი დავიდს აქამდე ექვსჯერ შეხვდა და გამარჯვებული ყოველთვის ფედერერი გამოდიოდა. 28 ოქტომბერს ფედერერმა მეტოქე ბაზელში დაამარცხა, თუმცა საჭირო მომენტში ბელგიელმა იყოჩაღა. პირველ სეტში როჯერს თამაში წაუვიდა და იოლადაც მოიგო. მეორე და მესამე სეტებში შვეიცარიელმა 23 შეცდომა დაუშვა, როდესაც დავიდმა 14-ჯერ დაკარგა ქულა, ასევე გათამაშებიდან მოგებული ქულებიც გოფინის მხარეს იყო - 17:15. მატჩის შემდეგ ბელგიელი ძალიან გახარებული იყო და აღნიშნა, ხვალინდელ მატჩში არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო.

რა თქმა უნდა, 26 წლის ჩოგბურთელი ძალიან გახარებული იქნება, რადგან ნიკოლაი დავიდენკოს შემდეგ გახდა პირველი ჩოგბურთელი 2009 წლის შემდეგ, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს რეიტინგის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი დაამარცხა. რუსმა ჩოგბურთელმა მაშინ ნადალი და ფედერერი დაამარცხა. 2017 წელს გოფინმა ოთხი ტურნირი მოიგო, ხოლო აქამდე დიდი ტურნირის ფინალში მონაწილეობა არ მიუღია.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ჯეკ სოკი გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება. ფავორიტად ბულგარელია შერაცხული, თუმცა გოფინის სენსაციის შემდეგ, ამერიკელის გამარჯვება არავის გაუკვირდება. გოფინისთვის ჯეკი უფრო ხელსაყრელი მეტოქეა, რადგან ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს, ხოლო ბულგარელთან უარყოფითი ბალანსი აქვს - 1:4.

0.161407