საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშემ გიორგი ცინცაძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ შიო ხეცურიანს ნდობა გამოუცხადა. 31 წლის კალათბურთელის განცხადებით, ქართულ კალათბურთში მძიმე მდგომარეობაა და მას შველა სჭირდება.
“არჩევნებში მხარს შიო ხეცურიანს ვუჭერ და მჯერა, რომ გაიმარჯვებს. ვენდობი მის ყველა გადაწყვეტილებას და პროგრამას, რომელსაც ქართულ კალათბურთს სთავაზობს.
წლებია ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ და ძალიან მძიმე დღეშია კალათბურთი. თუ ვინმეს პირიქით ჰგონია და მეტყვის, გამეცინება. თუმცა ავუხსნი თუ რატომ არაა ასე.
შარშან “ქუთაისში” ვთამაშობდი და საქართველოს თასი მოვიპოვეთ. 50 ათასი ლარი გვეკუთნოდა, მაგრამ ფედერაციამ თანხა არ ჩარიცხა. ამიტომ ჩამოვაყალიბეთ კალათბურთელთა გაერთიანების კავშირი, რომ მსგავსი ქმედებებისგან დაგვეცვა კალათბურთელები.
ფედერაციის საქმიანობაში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრების კარგი თამაში საკმარისი არაა წინსვლისთვის. დღეს ქართულ კალათბურთს შველა სჭირდება”, - განაცხადა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს ჩატარდება.