ფეხბურთი

18:43 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსის” ქომაგი ცნობილი ფეხბურთელები

იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფეხბურთი გიყვარს და რომელიმე კონკრეტულ გუნდს გამორჩეულად არ ქომაგობდე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ფეხბურთელები არიან და მათაც ჰყავთ საყვარელი გუნდები.

თუმცა, ზოგჯერ ისე ხდება, რომ მათ მეტოქე ბანაკში უწევთ თამაში და თანაც ამას წარმატებულად ახერხებენ. ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – პროფესიონალიზმზე.

საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, რომ იტალიაში გულშემატკივართა განსაკუთრებული არმიით ტურინის “იუვენტუსი” გამოირჩევა. იტალიური ინტერნეტპორტალი ჩალციომერცატო.ცომ-ი სწორედ ამ თემას შეეხო და ის ფეხბურთელთა ნაწილი გაიხსენა, რომლებიც ბავშვობაში “იუვენტუსის” სიყვარულში იზრდებოდნენ...

ალექს მერეტი – “ვის ქომაგობს ჩემი ოჯახი? – “იუვეს” და მათ შორის მეც. როდესაც “უდინეზეში” გადავედი, “იუვენტუსი” ისევ ჩვენს გულში დარჩა”, - ეს მერეტის სიტყვებია.

ანდრეა კონტი – “ბიანკონერების” ოჯახი მყავდა. მეც ბავშვობიდან “იუვენტუსის” ქომაგი ვიყავი, თუმცა ახლა ყველა “მილანს” ვგულშემატკივრობთ”, - თქვა კონტიმ. თავის მხრივ, ახალგაზრდა მცველის აგენტი აღნიშნულს ადასტურებს: “კონტი იუვენტინოა ბავშვობიდან. მისი ოცნებაც ყოველთვის “ბებერ ქალბატონში” თამაში იყო. “იუვენტუსსა” და “ატალანტას” შეეძლოთ ტრანსფერზე მორიგება, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, ვიმეორებ, კონტი დიდი იუვენტინოა”.

ლეონარდო ბონუჩი – “არასდროს ვყოფილვარ ინტერისტა. ბავშვობიდანვე ოთახში ალესანდრო დელ პიეროს პოსტერი მქონდა გაკრული. ჩემს გულში ყოველთვის მხოლოდ “იუვე” იყო”, - იხსენებს ბონუჩი.

ლეონარდო ბლანჩარდი – “კარპიში” თამაშის დროს ბლანჩარდმა “იუვენტუსს” 90-ე წუთზე გაუტანა და ორი ქულა დააკარგვინა. თუმცა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, ბლანჩარდი ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრო და შეხვედრას თვალი “იუვენტუსის” ფან-სექტორიდან მიადევნა.

დავიდე ძაპაკოსტა – ლონდონის “ჩელსის” მცველის ოჯახიც “იუვენტუსის” ქომაგებისგან შედგება. დავიდეს იდეალი პაველ ნედვედი იყო.

მარკო ვერატი – “გავიზარდე ალესანდროს სიყვარულით. “იუვეს” ტიფოზი ვარ და დელ პიერო ჩემთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. იგი იქნება ჩემი იდეალი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ”, - თქვა ვერატიმ.

რობერტო გალიარდინი – მიუხედავად იმისა, რომ გალაირდინი “ინტერის” ფეხბურთელია, ეს მას “იუვენტუსის” ქომაგობაში ხელს არ უშლის. რობერტო არაერთხელ შენიშნეს “იუვეს” საშინაო თამაშზე ტრიბუნებზე, მას მერეც, როდესაც “ინტერის” წევრი გახდა.

ჯანლუკა ლაპადულა – “ჯენოას” ფორვარდი “იუვენტუსის” აკადემიაში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მას სერია ა-ში დებიუტი “მილანში” ჰქონდა, თავისი პირველი სიყვარული “იუვეს” სახით არ დავიწყებია.

ალბერტო ჯილარდინო – ჯილარდინოს არაერთ გუნდში უთამაშია, მაგრამ ოცნება ვერ აიხდინა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი “იუვენტუსში” თამაშზე ოცნებობდა. მიზეზი მარტივია – ალბერტოც იუვენტინოა.

ჩირო იმმობილე – ჩიროს დიდ ფეხბურთში გამოჩენა “იუვენტუსიდან” დაიწყო 2009 წელს “ბორდოს” წინააღმდეგ. იმმობილე იხსენებს: “ნეაპოლში ბევრი ინტერისტა, მილანისტა და იუვენტინოა. როდესაც 16 წლის ასაკში “იუვეს” მაისურით ვითამაშე, მივხვდი, რომ ამით ცხოვრების ოცნება ამიხდა”.

ლორენცო ინსინიე – ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ “ნაპოლის” ლიდერი “იუვენტუსის” დიდი მოტრფიალეა. ეს კი ალესანდრო დელ პიეროს დამსახურებაა. ინსინიეს საყვარელი ფეხბურთელი სწორედ ალესანდრო იყო.

პაოლო მალდინი – შესაძლოა ბევრ გაუკვირდეს, მაგრამ “მილანის” ლეგენდარული კაპიტანი ბავშვობაში “იუვენტუსში” თამაშზე ოცნებობდა. პაოლომ წლების შემდეგ აღიარა, რომ ბავშვობაში მისი ოთახი “იუვენტუსის” პოსტერებით იყო სავსე. მალდინის ბავშვობის კუმირები დინო ძოფი და ანტონიო კაბრინი იყვნენ.

დანიელე რუგანი – დანიელე რუგანი “იუვენტუსის” მომავალთან ასოცირდება. მან ფეხბურთის თამაშიც საყვარელ გუნდში დაიწყო.

კლაუდიო მარკიზიო – მარკიზიო ტურინელია და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი იუვენტინოა. კლაუდიოს სახელთან სხვა კლუბი არ ასოცირდება თუ არ ჩავთვლით “ემპოლის”, სადაც ერთი სეზონი იჯარით გაატარა.

რობერტო ბეტეგა – რობერტო ბეტეგა 70-იანი წლების “იუვეს” ლიდერი იყო. მისი და ტურინული გრანდის სიყვარული დღემდე გრძელდება.

ალესანდრო დელ პიერო – “პინტურიკიო” სანამ “იუვენტუსის” ლეგენდა გახდებოდა, იქამდე ამაზე ოცნებობდა. ალესანდროს მთავარი მიზანიც საყვარელ გუნდში თამაში იყო და როგორც ვხედავთ, სურვილი მშვენივრად აისრულა.

ჯანლუკა ძამბროტა – მიუხედავად იმისა, რომ ძამბროტამ “იუვე” 2006 წელს დატოვა, იგი კვლავ რჩება თავისი ბავშვობის სიყვარულის ერთგული. ძამბროტამ საყვარელ გუნდში 7 წელი ითამაშა.

კრისტიან ვიერი – ბობოს სახელი უპირველესად “ინტერთან” ასოცირდება, მაგრამ იტალიელი ბომბარდირი “ნერაძურიში” თამაშის დროსაც აღიარებდა, რომ “იუვენტუსის” ტიფოზი იყო. ვიერიმ “იუვეშიც” მოასწრო თამაში, თუმცა მხოლოდ 1 წელი. სხვათა შორის, კრისტიანს საინტერესო ფრაზა ეკუთვნის: “2006 წლის კალჩოპოლი მორატის შექმნილია, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა “იუვენტუსის” ეპოქის დასასრულებლად”, - ამბობდა ვიერი.

მასიმილიანო ალეგრი – “იუვენტუსის” დღევანდელი მწვრთნელი “ბიანკონერის” ჯერ კიდევ მაშინ ქომაგობდა, როდესაც “პესკარას” რიგებში გამოდიოდა.

რობერტო მანჩინი – სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” დღევანდელი თავკაცი ერთ დროს იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მოტრფიალე იყო. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მანჩინისთვის იმაში, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე ყველაზე დიდი წარმატებისთვის “ინტერთან” ერთად მიეღწია.

თეგებიიუვენტუსი
0.117699