ფეხბურთი

10:14 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია: “ჩელსიში” გადასვლა საუკეთესო შანსი იყო"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ “ანჟის” პრესსამსახურთან ვრცელ ინტერვიუში მისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განიცდის, ცხოვრებაში საუკეთესო შანსის გამოყენების საშუალება რომ არ მიეცა.

ქართველ კიპერს ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსიში”ეპატიჟებოდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.

- “იყო ბევრი ასპექტი, რის გამოც ლონდონის “ჩელსიში” ვერ გადავედი. როგორც ამიხსნეს, იმ ზაფხულს ახალი კანონი მიიღეს, სადაც ევროპული პასპორტის არმქონეთათვის გარკვეული შეზღუდვები იყო გაწერილი. ვერ მივიღე სამუშაო ვიზა. ეროვნულ ნაკრებში ბევრი მატჩი უნდა მქონოდა ჩატარებული, ეს ბარიერი კი გადავლახე, მაგრამ წინაღობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 70 საუკეთესო გუნდს შორის არ იყო.

- ძალიან განიცადეთ?

- რა თქმა უნდა, ვინ არ განიცდიდა. ასეთი შანსი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა.

- ვინ იყო "ჩელსიში" თქვენი ტრანსფერის ინიციატორი?

- “ჩელსის” სპორტულმა დირექტორმა დამირეკა: “გიორგი მე მაიკლ ემენალო ვარ. ჟოზემ ნახა შენი თამაშები და ძალიან მოეწონე. ორშაბათს გელოდებით”. საუბარი პარასკევს შედგა.

- მათ არ უთქვამთ იმ დაბრკოლებების შესახებ, რომლებსაც შეძლოთ თავიდან აეცილებინა თქვენი ტრანსფერის დაბლოკვა?

- ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. მაშინ “ჩელსის” მხოლოდ ბეგოვიჩი ჰყავდა, რადგან კურტუა ტრავმირებული იყო. ორ საათზე კონტრაქტი გავაფორმე “კრილიასთან”, 8 სათზე კი ეს საუბარი შედგა. დილის 9 საათზე ისევ დამიკავშირდნენ და სინანულით მითხრეს, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, თუმცა ინგლისში მოქმედი კანონების გამო იქ გადასვლის შანსი არ მქონდა.

- როგორ მოხვდი "ანჟიში"?

- “კრილია სოვეტოვის” სპორტულმა დირექტორმა ზურაბ წიკლაურმა მითხრა, რომ არსებობდა “ანჟის” იჯარის ვარიანტი. “კრილიაში” დარჩენა მინდოდა, მაგრამ რადგან მეორე ლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტი იყო, სხვა გზა არ მქონდა. ვესაუბრე ჩემს ოჯახს და გადაწყვეტილება შემდეგ მივიღე, რომელსაც არ ვნანობ.

- იმ ფაქტმა, რომ მახაჩყალა საქართველოსთან ახლოსაა, მოახდინა გადაწყვეტილებაზე გავლენა?

- ჯაბა ლიპარტიამ მითხრა, რომ მანქანითაც შემეძლო საქართველოში გადასვლა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს არც ისე ადვილია. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ მე პრემიერლიგაში ვთამაშობ.

- “ანჟიში” ტრავმირებული გადახვედით...

- დიახ, სერიოზული ტრავმა მქონდა. მაგრამ, მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა და მოედანზე დავბრუნდი. თუმცა, როდესაც გამოვჯანმრთელდი, პატარა დაზიანება ისევ მივიღე.

- ისევ მახაჩყალაში?

- დიახ. თამაშის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და როგორც ჩანს, აღდგენა მალე დავასრულე. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა.

- “ანჟი” სატურნირო ცხრილის ბოლოშია. ეს დროებითი მოვლენაა?

- ნამდვილად იმედი მაქვს, რომ დროებითია. ვინაიდან, ჩვენი თამაშის ხარისხი უფრო მაღალია და ვფიქრობ, რომ გასავარდნ ზონას მალე დავტოვებთ.

- მეკარისთვის ემოცია საზიანოა თუ სასარგებლო?

- მატჩის დროს ვცდილობ, რომ ემოციები მოვთოკო. იმ მომენტში, როდესაც “ახმატმა” გოლი გაგვიტანა, ვცდილობდი არ შემემჩნია, მაგრამ ემოცია მეკარეს უფრო მეტად ერევა. საჭიროა, რომ ცივი გონებით იყო 90 წუთის განმავლობაში და ფოკუსირებული იყო თამაშზე 100%-ით, სხვა გზა არაა.

- რას გრძნობთ, როდესაც გოლს უშვებთ?

- ეს საშინელი შეგრძნებაა. სიტყვებით ამის ახსნა რთულია. თითქმის ყოველვის თავს დამნაშავედ ვგრძნობ და განვიცდი.

0.119865