ბლოგი

13:49 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

თმაშევერცხლილი კაცები წარსულიდან

თანამედროვეობის თანმდევი პროგრესი ძველ ხელობებს რომ აქრობს - ეს ცნობილი ამბავია. ვეღარსად ნახავთ: მთრთვილავებს, მეთულუხჩეებს, ბაზაზებს და სხვა... ეს ბუნებრივი ამბავია და მასზე მხოლოდ ნოსტალგიური ადამიანები თუ საუბრობენ. მაგრამ, ალბათ ბევრს არ ახსოვს კიდევ ერთი ხელობა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა და ტექნიკურმა პროგრესმა ისიც წარსულის მტვრით დაფარა. ეს ხელობაა - ფერადი პლაკატების დამტარებელი.

ვისაც 90-იან წლებში სიყრმე და თინეიჯერობა საქართველოს ქალაქებში გაუტარებია, ალბათ ჯერ კიდეე ემახსოვრება პატარა ურიკებით მოსიარულე თმაშევერცხლილი კაცები, რომლებიც ათასნაირ ფერად პლაკატებს ყიდდნენ, სადაც გამოსახულნი იყვნენ ყველანაირი ჯურისა და ცნობადობის ადამიანები, დაწყებული არნოლდ შვარცნეგერიდან და დამთავრებული ხავიერ ორტეგათი, რომელიც რატომღაც მისთვის ესოდენ დანავსული პენალტის დარტყმის დროს იყო გადაღებული.

ამ პლაკატების ფასი 20 თეთრიდან იწყებოდა და 3 ლარამდე ადიოდა. სამ ლარად დიეგო მარადონას უზარმაზარი პლაკატი იყიდებოდა. დიეგოს იმ ფოტოზე მარჯვენა მკლავზე ჰქონდა მაისურზე აწეული და მასზე ამოსვირინგებულ ერნესტო ჩე გევარას გვაჩვენებდა, ფეხზე კი როგორც იცით, უკვე აწგარდაცვლილი ფიდელ კასტროს სილუეტი იწონებდა თავს. კლაუდიო ლოპესის პლაკატი ლარნახევარი ღირდა, კანიჯას ფოტოს ერთ ლარად იყიდდი, რუმინელი გეორგ ჰაჯის კი სულაც 30 თეთრად მოგცემდა გამყიდველი.

პლაკატების გამყიდველებს ყველა ბავშვი თუ თინეიჯერი იცნობდა. ყველამ ვიცოდით ვის ჰქონდა კარგი და მრავალფეროვანი არჩევანი და ვინ იყო მეძვირე თუ მეიაფე. მახოვს ერთი სოფელ გლდანელი კაცი იყო, სახელად ავთო ერქვა და მასთან ყველაზე ხშირად მიყიდია ფეხბურთელების პლაკატები. რაღაცნაირი დაუზარელი კაცი იყო და შეეძლო დაუღალავად ესაუბრა ამათუიმ ფეხბურთელზე, პლაკატებზე აღბეჭდილი ფოტოების გადაღების დროზე, მნიშვნელობაზე და ფასსაც ხშირად გვიკლებდა ხოლმე.

სულ სხვანაირი ტიპი იყო სლავური გარეგნობისა და ლოთური შესახედაობის გამყიდველი (მისი სახელი არ მახსოვს) რომელიც არასოდეს დააკლებდა ფასს თავის პლაკატებს და ბავშვებთან საუბარსაც უკადრისობდა. მაგრამ, ისე ხდებოდა, რომ ყველაზე კარგი და გამორჩეული ფოტოები თუ პლაკატები სწორედ იმ კაცს ჰქონდა და როგორც ჩანს, თავადაც ხვდებდა თავის ამ უპირატესობას.

როგორი პლაკატი არ მიყიდია ამ უცნაური გამყიდველებისგან. მათი უმეტესობა ახლაც მახსოვს. აი მაგალითად, პლაკატზე გამოსახული ბულგარეთის ნაკრები, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, ხრისტო სტოიჩკოვს ხელში ბურთი რომ უჭირავს და ემილ კოსტადინოვს რატომღაც კოსტუმი რომ მოუცვია სპორტულ მაისურზე, არგენტინის მაისურიანი აბელ ბალბო ჩაცუცქულა ბურთით იღლიაში, სულ ყმაწვილი ალესანდრო დელპიერო ერთი ამოწეული და მეორე ჩაჩაჩული გეტრებით, რობერტო ბაჯო სპორტულ ჟაკეტზე თითით იტალიის ნაკრების ემბლემას გვაჩვენებს, ალან შირერი „ნიუკასლის“ ლეგენდარულ ძველ მაისურში, რუუდ გულიტი გასახდელის სკამზე ჩამომჯდარი იღიმის და სხვებიც მრავალი, რომლებიც პერიოდულად მახსენებენ ხოლმე თავს.

პროგრესსა და ცივილიზაციას ჩვენ ვერ შევაჩერებთ და იმასაც ვხვდებით, რომ აღარავის სჭირდება არც ის თმაშევერცხლილი გამყიდველები და არც მათი პლაკატები მაშინ, როდესაც ინტერნეტში ყველაფერი ხელისგულზეა, მაგრამ ამ პლაკატების და იმ ხალხის დავიწყება აბა როგორ იქნება? და საერთოდ, ბავშვობა დასავიწყებელია?

0.114015