საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში 2:2 ითამაშა ბელარუსთან. აღვნიშნოთ, რომ ქუთაისში მართლაც კარგი გულშემატკივრობა იყო: “რამაზ შენგელიას” სტადიონზე მაყურებელი საკმაოდ იყო.
კვიპროსთან მოგების შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა შვიდი ფეხბურთელი შეცვალა ძირითად შემადგენლობაში. წინა თერთმეტეულიდან, ამჯერად მხოლოდ გურამ კაშიამ, დავით ხოჭოლავამ, ჯაბა კანკავამ და გიორგი პაპუნაშვილმა დაიწყეს.
საწყის 15 წუთში თანაბარი თამაში ვიხილეთ, მერე კი ქართველებმა მოიპოვეს ცენტრში უპირატესობა, თუმცა გოლი აქეთ გაუშვეს. კარგი კონტრშეტევის შემდეგ, ბელარუსთა კაპიტანმა სტასევიჩმა როინ კვასხვაძეს კუთხეში დაურტყა. “ტორპედოს” მეკარე გადახტა, მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა – 0:1.
ამის შემდეგ კი ქართველებმა გაამწვავეს შეტევები, რამაც შტურმის სახეც კი მიიღო. კარგი იყო გიორგი აბურჯანია, შეტევაში ბევრს მოძრაობდა და მონდომებული იყო თბილისის “ლოკომოტივის” თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, ყველაზე აქტიური კი გიორგი პაპუნაშვილი გახლდათ – წინა თამაში ჩაუვარდა, ამჯერად კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შანსები ჰქონდათ სიხარულიძეს, ჯაბა ჯიღაურს, პაპუნაშვილს... და სიხარულიძემ გაათანაბრა. კუთხურის შემდეგ, ცოტა უხერხეულ პოზიციაში მიუვიდა ბურთი, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. ფორვარდული გოლი იყო – 1:1.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ცოტა დააკლდა გოლამდე: დასწრებაზე დაარტყა და მეკარემ მოიგერია კუთხურზე.
ამ კუთხურს კი გოლი მოჰყვა: ლაშა შერგელაშვილმა ჩააწოდა და ლაშა დვალმა ვარდნაში თავურით წინ გაიყვანა თავისიანები – 2:1. ეს დვალის პირველი გოლია ეროვნულ ნაკრებში. იშვიათად უწევს თამაში და აი, გამოიყენა შანსი.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ კაშიას შეცვლის შემდეგ, დაცვის ცენტრში პრობლემები გაჩნდა. ბელარუსებმა მარტივი კონტრშეტევა გაახორციელეს, მარცხნიდან ჩაწოდებულს კი ნეხაიჩიკმა თავური შეაგება. ეს ისე, რომ ნეხაიჩიკს ხელს არავინ უშლიდა. რამდენიმე წუთში იგივე განმეორდა და გადავრჩით – ბელარუსმა ააცილა თავური.
ისე, ჯაბა კანკავას უნდა დაესრულებინა ინტრიგა. ეს დვალის გოლიდან რამდენიმე წუთში: პაპუნაშვილ-ჯიღაურის კომბინაცია და კაპიტანმა სუსტად დაარტყა. საკვანძო მომენტი ეს იყო.
2:2-ის შემდეგაც, ქართველებს უფრო ჰქონდათ შანსები, ოღონდ ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ. გიორგი ქვილითაიას შეეძლო საჯარიმოში უკეთ თამაში. აქტიური იყო მერებაშვილი და მასაც ბოლოს აკლდებოდა სიზუსტე.
ფეხბურთელი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა კლუბში პრაქტიკის არქონა, ვაკო გვილიაა. ბევრი წუნი ჰქონდა, არადა, მისგან უფრო ზუსტ პასებსა და ბურთის ნაკლებად დაკარგვას ვართ ჩვეულნი.
კარგი იყო, რომ ბოლოს ვაისის ნაკრები უტევდა. ისე, ალბათ მოგებამდეც მივიდოდა საქმე, ჩვენი შემტევები მეორე ტაიმში უფრო თავდაჯერებულნი რომ ყოფილიყვნენ. მთავარი: ვაისმა ნახა ახალი ფეხბურთელები და წესით, სამომავლოდ დარგებელი უნდა მოიტანოს ამ თამაშმა.
ამხანაგური მატჩი
ქუთაისი. რამაზ შენგელია
საქართველო-ბელარუსი 2:2 (1:1)
საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (კაკაბაძე 87), ხოჭოლავა, კაშია (დვალი 46), შერგელაშვილი, კანკავა (მერებაშვილი 62), აბურჯანია, გვილია (კაჭარავა 87), პაპუნაშვილი, ჯიღაური (ქვილითაია 62), სიხარულიძე (ყაზაიშვილი 80)
გოლები: 0:1 სტასევიჩი (24), 1;1 სიხარულიძე (35), 2:1 დვალი (49), 2:2 ნეხაიჩიკი (66)
გაფრთხილება: ვოლოდკო, კორზუნი, სტასევიჩი