საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ბიზნეში დაბრუნებას გეგმავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება. მე, რა თაქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში – სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ასე იქნება მომავალშიც.
ჩემთვის ქვეყნის და სპორტის სიყვარული არის ერთ-ერთი უპირველესი. იმ დიდი გამოცდილების შემდეგ, რომელიც მინისტრობის პერიოდში მივიღე, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.
ცხადია, ვესაუბრე მიხეილ გიორგაძეს, ჩვენ ვართ კოლეგები და მეგობრები. მე მაქსიმალურად შევუწყობ ხელის იმას, რომ ის რეფორმები, რაც სამინისტროში დავიწყეთ, გაგრძელდეს და წარმატებული იყოს ქართული სპორტისთვის. მე დავბრუნდები ბიზნესში და იქიდანაც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ ქართული სპორტის სასიკეთოდ”- აღნიშნულია ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაში.
როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტული მიმართულება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეუერთდება და მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.
შეგახსენებთ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015 წელს ჩაუდგა სათავეში.