ისტორია

9:50 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

13 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1943 - დაიბადა რობერტო ბონინსენია. იტალიის საფეხბურთო ნაკრების, “კალიარის”, მილანის “ინტერის” (1969-76), “იუვენტუსის” (1976-79), “ვერონას” ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ფინალისტი. მექსიკის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას იტალიელთა ერთადერთი გოლი გაუტანა. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. “იუვენტუსის” შემადგენლობაში 1977 წელს მოიპოვა უეფას თასი. იტალიის სამგზის ჩემპიონი (ერთხელ “ინტერის”, ორჯერ “იუვენტუსის” შემადგენლობაში). იტალიის თასის მფლობელი. 1971 და 1972 წლებში გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1875 - ნიუ იორკში დაარსდა ბოულინგის ეროვნული ასოციაცია (BNA).

1875 - ამერიკული ფეხბურთის შეხვედრისას, გუნდების მოთამაშეებს პირველად ემოსათ ერთნაირი სპორტული ფორმა. ამ დღეს, ერთმანეთს იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ნაკრები გუნდები შეხვდნენ.

1907 - განხორციელდა პირველი გაფრენა შვეულმფრენით. პირველი პილოტი ფრანგი ველოსიპედისტი პოლ კორნუ გახლდათ.

1921 - ბირმინგემის “ასტონ ვილას” ბომბარდირმა ბილი უორკერმა, პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან “ბრედფორდ სიტის”, სამივე გოლი პენალტით გაუტანა.

1945 - მოსკოვის “დინამომ” დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ტურნეს პირველი შეხვედრა ჩაატარა. მოსკოველები ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსის” შეხვდნენ და 3:3 დაუზავდნენ. დიდი ბრიტანული ტურნეს პირველი გოლი ვასილი კარცევმა გაიტანა.

1964 - “სენტ ლუის ჰოუკსის” მოთამაშე ბობ პეტიტი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 20 ათასი ქულის დაგროვება მოახერხა.

1974 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშებაზე, ქვეყნის ჩემპიონი “ლიდს იუნაიტედი” მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელ “ჩესტერ სიტისთან” 0:3 დამარცხდა.

1991 - ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა – ესტონეთი, ლიტვა და ლატვია – ფიფაში გაწევრიანდნენ და მათ, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში მონაწილეობის უფლება დართეს.

1991 - სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრებმა ბოლო მატჩი ჩაატარა. ლარნაკაში მან, კვიპროსის ნაკრებს 3:0 მოუგო. გოლები პროტასოვმა, იურანმა და კანჩელსკისმა გაიტანეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თბილისის “დინამოს” ყოფილმა მცველმა, ახრიკ ცვეიბამ.

1992 - რიდიკ ბოვემ, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ევანდერ ჰოლიფილდი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მატჩი აშშ-ს ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასში ჩატარდა.

2005 - ლებრონ ჯეიმსი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე შეიქმნა, რომელმაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებში 4 ათასი ქულა დააგროვა. იმ მომენტში, “კლივლენდ კავალიერზის” ფორვარდი ჯეიმსი 20 წლის და 348 დღის ასაკის იყო. ლებრონმა კობი ბრაიანტის რეკორდი გააუმჯობესა.

ამ დღეს დაიბადნენ

1932 - ოლგა კონოლი-ფიკიტოვა. ჩეხოსლოვაკიელი მძლეოსანი. ბადროს ტყორცნაში 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1939 - კარელ ბრუკნერი. ჩეხი საფეხბურთო სპეციალისტი. სათავეში ედგა ათეულზე მეტ კლუბს, ჩეხიის ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს, ავსტრიის ნაკრებს. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე ჩეხია ნახევარფინალში გაიყვანა. ამჟამად, ჩეხიის საფეხბურთო ფედერაციაში მრჩევლად მუშაობს.

1943 - რობერტო ბონინსენია. იტალიის საფეხბურთო ნაკრების, “კალიარის”, მილანის “ინტერის” (1969-76), “იუვენტუსის” (1976-79), “ვერონას” ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ფინალისტი. მექსიკის მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილიას იტალიელთა ერთადერთი გოლი გაუტანა. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 22 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. “იუვენტუსის” შემადგენლობაში 1977 წელს მოიპოვა უეფას თასი. იტალიის სამგზის ჩემპიონი (ერთხელ “ინტერის”, ორჯერ “იუვენტუსის” შემადგენლობაში). იტალიის თასის მფლობელი. 1971 და 1972 წლებში გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი.

1947 - იან პივარნიკი. ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების სლოვაკი მცველი. ევროპის 1976 წლის ჩემპიონი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1950 - ჟილბერ პერო. კანადელი ჰოკეისტი. ეროვნულ ლიგაში გაატარა 17 სეზონი. იასპარეზა 1191 მატჩში და გაიტანა 512 შაიბა. პერო არის “სტენლის თასის” ფინალისტი. კანადის თასის მფლობელი. ჟილბერ პერო შეყვანილია ჰოკეის “დიდების დარბაზში”.

1951 - ბეტ ანდერსი. ამერიკელი ბალახის ჰოკეისტი. 1984 წლის ოლიმპიადის პრიზიორი.

1951 - პინი გერშონი. ებრაელი საკალათბურთო სპეციალისტი. თელ ავივის “მაკაბის”, 2004 და 2005 წლებში ევროლიგა, 2001-ში კი სუპროლიგა მოაგებინა. “მაკაბისთან” ერთად, ექვჯერ იმარჯვა ისრაელის ჩემპიონატში და ამდენჯერვე მოიპოვა ქვეყნის თასი.

1955 - ბორის ალექსანდროვი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი. 1976 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი. მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

1958 - ლეხ პიასეცკი. პოლონელი ველოსიპედისტი. საგზატკეცილო რბოლებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. წარმატებით გამოდიოდა “ჯირო დ’იტალიისა” და “ტურ დე ფრანსის” ცალკეულ ეტაპებზე.

1966 - რომუალ რობინსოსი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზისა” და “დეტროიტ პისტონზის” კალათბურთელი. მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩებში.

1972 - ვასილის ცარტასი. საბერძნეთის ეროვნული ნაკრების, “სევილიასა” და “კიოლნის” ფეხბურთელი. ევროპის 2004 წლის ჩემპიონი.

1975 - ივიცა დრაგუტინოვიჩი. სერბიის ნაკრების, “გენტის”, ლიეჟის “სტანდარდის”, “სევილიას” მცველი. 2006 და 2007 წლებში მოიპოვა უეფას თასი. 2006-ში დაეუფლა ევროპის სუპერთასს, ხოლო 2007 წელს – ესპანეთის თასსა და სუპერთასს. სერბიის ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი.

1979 - რონ არტესტი. ნბა-ს “ჩიკაგო ბულზის” (1999-2002), “ინდიანა პეისერზის” (2002-06), “საკრამენტო კინგზის” (2006-08), “ჰიუსტონ როკიტსის” (2008-09), “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” (2009 წლიდან) მსროლელი-მსუბუქი ფორვარდი (201 სმ). 2004 წელს დაასახელეს ასოციაციის საუკეთესო მცველად და იმავე წელს ითამაშა ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (2010).

ამ დღეს გარდაიცვალა

2002 - ხუან ალბერტო სკიაფინო. ურუგვაისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების, მონტევიდეოს “პენიაროლის”, “მილანისა” და “რომას” ფეხბურთელი. სკიაფინო 1950 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, როდესაც გადამწყვეტ მატჩში “მარაკანაზე”, 200 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ურუგვაელებმა ბრაზილიელებს 2:1 მოუგეს. იმ შეხვედრაში ერთი გოლი სწორედ სკიაფინომ გაიტანა. ტურნირზე გაიტანა 5 გოლი. იგი მონაწილეობდა 1954 წლის მუნდიალზეც, თუმცა ტრავმამ შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა. ამის მიუხედავად, მან გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე გააღწია. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. სკიაფინო ურუგვაის ექვსგზის ჩემპიონია, ხოლო “მილანთან” ერთად, სამჯერ მოიპოვა სკუდეტო. საფეხბურთო კარიერა მან 37 წლის ასაკში, “რომაში” (გუნდთან ერთად მოიპოვა ბაზრობათა თასი) დაასრულა, მანამდე კი, ოთხი მატჩი ჩაატარა “სკუადრა აძურას” მაისურით. გარდაიცვალა 77 წლის ასაკში.

0.127754