ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მოკრძალებულზე მოკრძალებული შედეგით – ერთი მედლით ჩაამთავრეს. პოდგორიცაში 10-12 ნოემბერს გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები 10 სპორტსმენით ჩაება. მათგან პოდიუმზე ასვლა მხოლოდ გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) შეძლო. 18 წლის მძიმეწონოსანი ევროპის ჭაბუკთა (2015) და ახალგაზრდული (2017) პირველობების მსგავსად, 23-წლამდელებშიც ბრინჯაოს დაეუფლა.
დღეს ჩერნოგორიულ არენაზე ვაჟთა შორის დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, გოგონებში კი საპრიზო სამეულები ბოლო ორ წონაში: 78 და +78 კილოგრამებში შეივსო. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში მხოლოდ ვაჟები ჩაერთნენ. ზაალიშვილის გარდა ტატამზე ბექა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი (ორივე 90 კგ) და ონისე სანებლიძე (100 კგ) გავიდნენ.
ბერიანს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ძირითად ბადეში გამოსვლა მან მეოთხედფინალში დაასრულა, ბელარუს იგორ ვარაპაიუსთან "ოქროს დროში” განცდილი მარცხით. იქამდე ნოდარ ბერიანმა ორი მეტოქე ჩამოიშორა: ხორვატი ანტონიო გარასიჩ ერნიესი ორი ვაზარით, ხოლო ფინელი აატუ ლაამანენი ორწუთნახევარში შესრულებული იპონით.
ბრინჯაოს ნახევარფინალში 22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ესტონელ კრისტოფერ კალიულედს წუთი და 15 წამი აკმარა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი პოლონელ რაფალ კოზლოვსკისთან ვეღარას გახდა და - მე-5 ადგილს დასჯერდა.
90 კილოგრამში უმთავრეს ფავორიტად ბექა ღვინიაშვილი იყო მიჩნეული, რომელიც ჩერნოგორიაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა. 22 წლის ძიუდოისტმა წლეულს უფროსებშიც მოახერხა ევროპოდიუმზე ასვლა და პოდგორიცაში პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში იპონით დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან – რუს მიხაილ იგოლნიკოვთან და შეჯიბრებას გამოეთიშა.
19 წლის ონისე სანებლიძემაც (100 კგ) ერთადერთხელ მოირგო კიმონო. ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმაც (2015), ღვინიაშვილის მსგავსად, მომავალ ჩემპიონთან წააგო – ბელარუსი დანიელ მუკეტე ოქროს აღმართს ვაზარით შეუყვა.
გელა ზაალიშვილმა ევროპის ჩემპიონატი უკრაინელ ფედირ პანკოსთან დაჭიდებით და 3 წუთსა და 6 წამში მოპოვებული სუფთა გამარჯვებით გახსნა. ახალგაზრდებს შორის ევროპის ორგზის პრიზიორის – სერბი ზალკო კულუმის მოსაგებად ერთი წუთით მეტი დასჭირდა. ნახევარფინალში კი უმთავრეს ფავორიტთან – რუსეთის ნაკრების წევრ ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ ჯალილ შუკუროვს იპონით სძლია.
ვაჟთა ნაკრებების საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 40 ქვეყნის ნაკრებს შორის 22-ე ადგილი დაიკავა.