იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო ვენტურა სამშობლოში საყოველთაო კრიტიკის ქვეშაა მოქცეული. ეს ბუნებრივიცაა – “სკუადრა აძურა” 60-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საფრთხის ქვეშ იმყოფება.
საინტერესოა, რომ პატივცემულ ვენტურაზე კოლეგებიც კი ირონიულად საუბრობენ. მათ შორის, გამოსარჩევია სერია B-ს ბინადრების, “აველინოსა” და “ტერნანას” მთავარი მწვრთნელების კომენტარები.
მაგალითად, “აველინოს” თავკაცმა, ვალტერ ნოველინომ ასეთი რამ თქვა “ენტელასთან” მატჩის მერე:
“შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ შეიძლებოდა, რომ წაგვეგო კიდეც. დღეს, ჩვენ იმაზე გაცილებით ლამაზად და ლაღად ვითამაშეთ, ვიდრე იტალიამ შვედეთთან”, - აღნიშნა ნოველინომ.
ცალსახაა, რომ ვალტერმა კბილი “სკუადრა აძურას” მესაჭეს გაკრა. უფრო პირდაპირი განცხადებით გამოირჩა “ტერნანას” მთავარი მწვრთნელი სანდრო პოჩესკი:
“იტალიური ფეხბურთი დასრულებულია. ჩვენ ყველა გუნდთან შიშით ვთამაშობთ. ჩემი გუნდი უფრო შემართებით თამაშობს, ვიდრე ჯანპიერო ვენტურას იტალია. არადა, შვედეთი ასეთი ძლიერი სულაც არაა. ლეგა პრო (სერია C-ს ანალოგი) დონის გუნდია”, - თქვა პოჩესკიმ.
კომენტარის გარეშე არც იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დარჩენილა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ახლახან დაასრულა. პირლომ ვენტურა გააკრიტიკა:
“ჩვენ “სან სიროს” იმედი გვაქვს, მაგრამ მე აქამდე არასდროს მინახავს, რომ გულშემატკივრებს გოლი გაეტანოთ. ეს ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ. ჩვენი თამაში უნდა იყოს უფრო ხარისხიანი, თუ გვსურს, რომ მუნდიალზე ვითამაშოთ. არ მიმაჩნია ახლა მსაჯობაზე საუბარი მართებული იყოს. ეს ისეთი მატჩია, მოედანზე პირველივე კონტაქტისას არ უნდა ეცემოდე.
ვენტურას ძალიან მძიმე პერიოდი ელის. მეორე მატჩამდე მცირე დროა დარჩენილი და ადვილი არ იქნება გასახდელში იდეალური განწყობის შექმნა”, - უთხრა პირლომ Sky Sport-ს.
მოკლედ, ჯანპიერო ვენტურასა და იტალიას კარგი დღეები არ უდგათ. ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მუნდიალის საგზურს ვერ მოიპოვებს...