ფეხბურთი

0:00 | 12.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკული ხუთეული: მაროკოს მონატრებული საგზური

მაროკო 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. მაროკოელები 1998 წლის შემდეგ არ ყოფილან მუნდიალზე, ღრმა ჩავარდნა ჰქონდათ და აი, მონატრებული საგზურიც.

ფრანგი ერვე რენარის გაწვრთნილმა ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფის ბოლო ტურში კოტ დივუარს გასვლაზე 2:0 სძლია. მაროკომ ისე ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, ერთი გოლიც კი არ გაუშვია. სამი მოგება, სამი ფრე, ბურთების შეფარდება – 11:0.

ბოლო ტურში მაროკოელებს ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ 30-ე წუთისთვის უკვე ორი ბურთის გატანა მოასწრეს და მოიგეს. ნაბილ დირარმა და მეჰდი ბენატიამ გაამწარეს “სპილოები”. სადღაა ის კოტ დივუარი... აღარც დროგბა, აღარც იაია და კოლო ტურეები.

მაროკოსთან ერთად, დღეს მუნდიალზე გასვლა გაინაღდა ტუნისმაც, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობა იყო. ცხადი იყო, რომ ტუნისი შინ ლიბიასთან არ წააგებდა და რომც წაეგო, მაინც გავიდოდა, თუკი დემოკრატიული კონგო დიდი ანგარიშით არ დაამარცხებდა გვინეას. საბოლოოდ, ტუნისელებმა 0:0 ითამაშეს და გავიდნენ მუნდიალზე.

“კართაგენელმა არწივებმა” 2010 და 2014 წლის მუნდიალები გამოტოვეს.

შეგახსენებთ, აფრიკიდან სულ 5 ნაკრები იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაროკოსა და ტუნისის გარდა, ესენი არიან: სენეგალი, ნიგერია და ექტორ კუპერის გაწვრთნილი ეგვიპტე.

0.272363