23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრები ჯერაც ვერ ახერხებენ მედლის მოპოვებას. პოდგორიცაში მიმდინარე შეჯიბრებაზე გუშინდელი დღის მსგავსად, დღესაც, ტატამზე სამი ქართველი გავიდა. ბრძოლას სამივე საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილმა და ბექა შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს. ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს პრიზიორისთვის, 17 წლის გრიგალაშვილისთვის დაუძლეველი ზღუდე მოლდოველი კორნელ ენდრისი აღმოჩნდა. შავდათუაშვილი კი ავსტრიელ ლუკას რეიტერთან დამარცხდა.
81 კილოგრამში ბექა დონღვანმა ევროპირველობა რუმინელი ელემერ სზოკსის ძლევით გახსნა. მერვედფინალში კი, უკრაინელ ბოჰდან ზუსკოსთან ვეღარას გახდა.
ხვალ, ვაჟთა შორის მედლების დარჩენილი სამი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ჩაებმებიან: ბექა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი (ორივე 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ).