მონტენეგროში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე უკვე მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ კი ტატამზე 3 ძიუდოისტი გავიდა და სამივე პოდიუმს მიღმა დარჩა.
ვაჟებში, ევროკონკურენციაში ორი უმსუბუქესი წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაებნენ. 60 კილოგრამში კიმონო ირაკლი კუპატაძემ მოირგომოირგო და ჩემპიონატი ესპანელი ხავიერ ლასა იგლესიასის ვაზარით ძლევით გახსნა. მერვედფინალში კი აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვთან იპონით დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
66 კილოგრამში ზვიად ხუბულური პირველსავე წრეში დამარცხდა იტალიელ ლუიჯი ბრუდეტისთან.
ქართველთაგან ყველაზე შედეგიანად მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) იჭიდავა – ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. უკრაინელი კატერინა ჩერტილი 40 წამში ჩამოიშორა. იტალიელ ჯულია პიერუცის 2 წუთსა და 18 წამში გასცდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ნაზაკატ აზიზოვასთან წაგებით. შეხვედრის ძირითადი დრო უქულოდ დასრულდა. პირველი დამატებული წუთის მიწურულს კი აზიზოვამ ვაზარით მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.
ჯანაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, მაგრამ ესპანელ ანა პერეს ბოქსთან წუთნახევარში დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე მე-7 ადგილი დაიკავა.
დღეს საპრიზო სამეულები ვაჟთა შორის 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება. გოგონებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამზე გავლენ: ტატო გრიგალაშვილი, ბექა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ) და ბექა დონღვანი (81 კგ) გავლენ. ხვალ იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი, ნოდარ ბერიანი (ორივე 90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ).