ფეხბურთი

3:30 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი: იტალია კატასტროფის ზღვარზე

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის ფლეი-ოფის მატჩში, შვედეთის ნაკრებმა შინ იტალია იოჰანსონის გოლით დაამარცხა. შესაბამისად, რეალური საფრთხე არსებობს, რომ 1958 წლის შემდგომ პირველად, მუნდიალმა “სკუადრა აძურას” გარეშე ჩაიაროს.

მთლიანობაში შეხვედრა თანაბარი გამოდგა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მატჩი ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, როგორიც მასპინძლებს აწყობდათ. სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა გუნდი ძალიან კარგად მოამზადა და ვიზავი ტაქტიკურ დუელში აშკარად დაჩაგრა.

“სკუადრა აძურას” დებიუტშივე შეეძლო გატანა და ასე რომ მომხდარიყო, სულ სხვა თამაშს ვიხილავდით, მაგრამ მასპინძელთათვის საბედნიეროდ ბელოტიმ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ააცილა და შვედეთი გაშვებულ გოლს გადაურჩა. სკანდინავიელებმაც შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა ისეთი ნამდვილად ვერა, როგორიც “ტორინოს” ფორვარდს ჰქონდა.

პირველი ტაიმის მსგავსად, იტალიელებმა მეორე ნახევარიც შეტევებით დაიწყეს და ამჯერად კანდრევა დაემუქრა ოლსენის კარს, მაგრამ მეკარემ ივარგა და ბურთი მოიგერია. შვედებს ასეთი მწვავე მომენტი ამჯერადაც არ შეუქმნიათ, თუმცა 61-ე წუთზე გოლი გაიტანეს: კრაფტმა აუტიდან საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, ჯორჯი კიელინიმ ბურთი კი გამოიტანა, მაგრამ პირდაპირ შეცვლაზე შემოსულ იოჰანსონს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა, ბურთი იტალიელ მოთამაშეს მოხვდა და ბუფონის კარში შევარდა.

შვედებმა გატანილი გოლის შემდეგ მეტოქეს ბურთი დაუთმეს, ორგანიზებულად დაიხიეს უკან და კონტრშეტევებზე გადაწყვიტეს ფონს გასვლა. მასპინძლებმა საკუთარი ამოცანა წარმატებით შეასრულეს და ანგარიში შეინარჩუნეს, თანაც იმასაც ვერ ვიტყვით, რომ იტალიელებმა ამ დროში ბევრი მომენტი შექმნეს. ერთადერთი რეალური შანსი მატეო დარმიანს ჰქონდა, რომლის შორეული გასროლის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია. “სკუადრა აძურა” საკმაოდ უფანტაზიოდ უტევდა და უმეტესად ჩაწოდებებზე თამაშობდა, რომელთა მოგერიებაც მასპინძელთა ტანმაღალ მცველებს არ უჭირდათ – 1:0.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 13 ნოემბერს მილანში გაიმართება.

შვედეთი – იტალია 1:0 (0:0)

სტოკჰოლმი, “ფრენდს არენა”

შვედეთი (4-4-2): რ.ოლსენი, გრანქვისტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კრაფტი (სვენსონი 83), ეკდალი (იოჰანსონი 57), ლარსონი, კლაესონი, ფორსბერგი, ბერგი (ტელინი 74), ტოივონენი.
მწვრთნელი: იან ანდერსონი

იტალია (3-5-2): ბუფონი, კიელინი, ბარძალი, ბონუჩი, ვერატი (ინსინიე 76), დე როსი, პაროლო, დარმიანი, კანდრევა, ბელოტი (ედერი 65), იმობილე.
მწვრთნელი: ჯან პიერო ვენტურა

გოლი: იოჰანსონი (61)
გაფრთხილებები: ბერგი – ვერტანი
მსაჯი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)

0.117976