საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის შესარჩევ ციკლს მოუგებლად აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდმა სასტარტო 4 მარცხის მერე, საკუთარ მოედანზე ფინეთს ვერ მოუგო.
მოგებას ვინ ჩივის, “პატარა ჯვაროსნები” მდევრის როლში იყვნენ და რომ არა გოლი ბოლო წუთებზე, ზედიზედ მეხუთე მარცხს განიცდიდნენ. ახალი ამჯერზეც არ გვინახავს არაფერი: დაულაგებელი თამაში ყველა რგოლში და მეტწილად დაცვაში. ანგარიშში მალევე ჩამოვრჩით. ფინელთა კუთხურს ბენჟამინ კალმანის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. საპასუხოდ საქართველოს შეტევაში თამაში არ გამოსდიოდა. მეტიც, პირველ ტაიმში სტუმრები მეორე გოლთანაც ახლოს იყვნენ.
პირველთან შედარებით უკეთესი გამოდგა მეორე ტაიმი, მაგრამ 3 ქულისთვის არც იყო საკმარისი. გეგუჩაძემ მალევე ცვლილებებს მიმართა და თამაშში გიორგი ბერიძე და გიორგი არაბიძე ჩართო. ამან გამოაცოცხლა ქართველთა შემტევი პოტენციალი და გოლიც გავიდა. ბერიძემ დაარტყა შორიდან და მეკარემ მხოლოდ თვალი გააყოლა ბურთს. თუმცა, არ გავიდოდა გოლი, რომ არა სტუმართა მცველის ცუდი თამაში, რომელიც ბურთის მოგერიებას სცდილობდა და ბურთს ფეხი ააცილა...
თითქოს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 3 ქულისთვის უნდა გაეწია, მაგრამ, პირიქით მოხდა. ფინელები მწვავედ უტევდნენ და თუ თავიდან ვერ ივარგეს დამაგვირგივნებელ ფაზაში, 83-ე წუთზე ლოგიკური დასასრული მოუძებნეს შეტევებს: კალმანი იყო ეპიცენტრში – 19 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა. ბევრი არ რჩებოდა მატჩის დასრულებამდე და თითქოს რესურსი, იმედიც კი არ ჩანდა, რომ საქართველო არ წააგებდა.
86-ე წუთზე აკაკი შულაიამ ჩააწოდა და იქ რომან ჭანტურიამ ითამაშა ჩინებულად დასწრებაზე და მეორედ გათანაბრდა ანგარიში – 2:2. დარჩენილ დროში უკვე საქართველო სცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ვერ მოახერხა. არაბიძე ინდივიდუალურად ირჯებოდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰქონდა. შედეგი არც ფლანგურ გადაცემებს მოუტანია. მოკლედ, 2:2. ერთადერთი, თუ შეიძლება ამას დადებითი დავარქვათ, ისაა, რომ პირველი ქულა მოიპოვა საქართველოს 2-1წლამდელთა ნაკრებმა. თამაშის ხარისხი კი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. შორსაა ქართველი ახალგაზრდების თამაში თანამედროვე ფეხბურთისგან, თან, ძალიან შორს.
ახლა წინ ლიტვასთან მატჩია. 14 ნოემბერს, ისევ თბილისში.
საქართველო (U21)– ფინეთი (U21) 2:2 (0:1)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
საქართველო (4-2-3-1): კუპატაძე; შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე; მამუჩაშვილი, მოხევიშვილი (არაბიძე 53); ზარანდია (კოხრეიძე 69), კიტეიშვილი, მიქელთაძე (ბერიძე 53); ჭანტურია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ფინეთი (4-4-1-1): კეტო; ვაისანენი, პირტიოკი, იენსენი, ჰამალაინენი; ლაპალაინენი, დალსტრომი, კაირინენი, ჰოსტიკა (ალა-მილიმაკი 64); ნისილა (იარვინენი 82); კალმანი
მწვრთნელი: იუჰა მალინენი
გოლები: 0:1 კალმანი (9), 1:1 ბერიძე (59), 1:2 კალმანი (83), 2:2 ჭანტურია (86)
გაფრთხილება: კიტეიშვილი (67) - კაირინენი (55). დალსტრომი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 5 (3) კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ალექსანდრ დერდო (უკრაინა)