ფეხბურთი

21:38 | 10.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “ასეთ ნაკრებებთან მოგება უნდა ვისწავლოთ”

საქართველო-კვიპროსი 1:0. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა გორში გამართული ამხანაგური მატჩი მოგებით დაასრულეს. სლოვაკმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შედეგით კმაყოფილია, მაგრამ უკეთეს თამაშს ელის:

“მოხარული ვარ გამარჯვებით. ჩვენ წინ ვიყურებით, ერთა ლიგა ევროპის ჩემპიონატზე გასაცვლელად კარგი შანსია და იქ კვიპროსის დონის ნაკრებები გვეყოლება მეტოქეებად. ამიტომაც, ასეთ ნაკრებებთან მოგება უნდა ვისწავლოთ.

...ხარისხი? დაცვასთან ნაკლებად მაქვს შენიშვნა, შეტევაში კი თამაში ბევრად უკეთ გვმართებს. ქვილითაიამ გოლი გაიტანა, მაგრამ მისგან მეტს ველით. ასევე მეტს ველი ყაზაიშვილისგან. იგივეს ვიტყვი მერებაშვილსა და პაპუნაშვილზე. მათგან მონდომებას ვხედავ, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა.

...მაოცებს ის ფაქტი, რომ უკლუბოდ მყოფი კანკავა ასე კარგად თამაშობს. ეს მის უდიდეს პროფესიონალიზმზე მიუთითებს. ლორიამ ურთულესი ბურთი მოიგერია და ბუნებრივია, კმაყოფილი ვარ. გურამ კაშიას რაც შეეხება, ის საუკეთესო იყო მინდორზე. ასევე, ხოჭოლავაც კარგი იყო ორთაბრძოლების მოგების მხრივ. კაკაბაძე და ნავალოვსკიც კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა მათგანაც მეტს ველი. კვიპროსელებს კარგი შემტევები ჰყავდათ 9 და 10 ნომრების სახით, ამიტომაც, ჩვენი მცველების გარჯას კიდევ ვუსვამ ხაზს.

...დიდი მადლობა გორის “დილას”. სტადიონი კარგად იყო მოწესრიგებული და ყველანაირად კარგი ატმოსფერო სუფევდა.

რან ბენ შიმონი (კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი): “ჩვენთვის სასარგებლო ამხანაგური მატჩი იყო. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ნაკრებს ეტყობა მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელი.

...ბევრ ეპიზოდში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა მარცხის შემდეგ ვერანაირად ვერ ვიქნები კმაყოფილი.

0.127731