ფეხბურთი

10:28 | 9.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი: ბალკანური დერბი და ჩრდილოეთ ირლანდიის ნანატრი შანსი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასკვნით ფაზაშია. 23-მა გუნდმა რუსეთის საგზური უკვე მოიპოვა, ხოლო დანარჩენი 9 იღბლიანის ვინაობა პლეი-ოფში გაირკვევა. ევროპიდან ოთხი ადგილიღაა დარჩენილი, რომელთათვის რვა ქვეყანა იბრძოლებს.

დღეს ორი შეხვედრა გაიმართება. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ბელფასტში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო ზაგრებში ბალკანური დერბი შედგება, სადაც ხორვატიის ნაკრები საბერძნეთს მიიღებს.

შეიძლება ითქვას, რომ ხორვატიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი ჩააგდო, რადგან ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა და პირველობა ისლანდიის ნაკრებს დაუთმო, რომელიც მუნდიალზე პირველად ითამაშებს. ახლა კი გვარიანად ნერვიულობა მოუწევთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ხორვატები ფავორიტები არიან და უკეთესი გუნდი ჰყავთ, საბერძნეთი საჩუქარი არავისთვისაა და საკმაოდ რთულად მოსაგები გუნდია.

ზლატკო დალიჩი ტრავმების გამო მატეო კოვაჩიჩს, ვედრან ჩორლუკას და მილან ბადელს მოისაკლისებს, ხოლო მარიო მანძუკიჩის თამაში საეჭვოა.

მეტოქისგან განსხვავებით, ბერძნებისთვის მე-2 ადგილი დადებითი შედეგია, რადგან ჯგუფში ბელგიის ნაკრები ჰყავდათ. გარდა ამისა, მათ ბოსნიას აჯობეს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა. მიხაელ სკიბეს გუნდს დაცვაში აქვს პრობლემები, რადგან ვასილ ტოროსიდისს და სოკრატის პაპასტატოპულოსს მცირე ტრავმები აწუხებთ, ხოლო კოსტას მანოლასი დისკვალიფიცირებულია და პირველ მატჩს გამოტოვებს. ასევე დაშავებულნი არიან ფორვარდი ტასოს დონისი და ნახევარმცველი პეტროს მანოლასი.

ამ ქვეყნებს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 6-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც ორჯერ ბერძნებმა იმარჯვეს, ერთხელ ხორვატებმა და სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ისინი ბოლოს 2011 წელს ევრო 2012-ის შესარჩევში შეხვდნენ, ბერძნებმა შინ 2:0 მოიგეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.

გეტყვით, რომ ხორვატიამ მუნდიალზე პირველად 1998 წელს ითამაშა (იგულისხმება როგორც დამოუკიდებელი სახემლმწიფო) და საუკეთესო შედეგი სწორედ მაშინ აჩვენა: მე-3 ადგილი. მათ მონაწილეობა მიიღეს 2002, 2006 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატზეც, თუმცა მსგავსს წარმატებასთან ახლოს არ ყოფილან. რაც შეეხებათ ბერძნებს, ისინი პირველად 1994 წელს გავიდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ. იგივე შედეგი მიაღწიეს 2010 წელს, ხოლო 2014 წელს 1/8 ფინალამდე უწიეს.

რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, დავიწყოთ იქიდან, რომ მასპინძელი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები უკანასკნელად 1986 წელს იყო მუნდიალზე და შეიძლება ითქვას, რომ წარმატების ისტორიული შანსი აქვთ. მაიკლ ო’ნილის გუნდი რომ პროგრესირებს აშკარაა. რამდენიმე წლის წინ არაფრით გამორჩეული გუნდი გახლდათ, მაგრამ 2016 წელს ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და 1/8 ფინალს უწია, სადაც უელსის ნაკრებთან ბრძოლაში დამარცხდა. ახლა კი, უდიდეს წარმატებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

ჩრდილოეთ ირლანდიამ ჯგუფური ეტაპი მშვენივრად ჩაატარა და მაქსიმუმს მიაღწია, რადგან გერმანიას ძალიან ცოტა გუნდი თუ აჯობებს ამჟამად. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში კი ჩეხეთს და ნორვეგიას დამაჯერებლად აჯობა და რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა ფლეი-ოფში თამაში. მასპინძლები მოახლოებულ შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან. განაცხადშია პედი მაკნაირი, რომელსაც 11 თვე არ უთამაშია და ახლახანს მოიშუშა ტრავმა.

შვეიცარიის ნაკრები მთელი შესარჩევი ციკლის განმალობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა და ლიდერობა პორტუგალიას მხოლოდ უკანასკნელ ტურში დაუთმო, რომელთანაც "ლუზიტანებთან" გასვლაზე 0:2 დამარცხდა. სტუმრებს ტრავმების გამო ცენტრალური მცველი იოჰან ჯურუ და ნახევარმცველი ვალონ ბეჰრამი დააკლდებიან.

გეტყვით, რომ შვეიცარიის ნაკრებმა მუნდიალზე პირველად შორეულ 1934 წელს ითამაშა და 1/4 ფინალში გავიდა, ისევე როგორც 1938 წელს. ამავე ეტაპს მიაღწია 1954 წელს, მაშინ შვეიცარია ტურნირის მასპინძელი იყო. სულ მუნდიაზე 8-ჯერ უთამაშიათ.

ცნობისთვის, ეს ქვეყნები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრიან და სრულიად თანაბარი ბალანსი აქვთ. უკანასკნელად ერთმანეთში 2004 წელს ამხანაგურად ითამაშეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ეს წყვილები საპასუხო შეხვედრებს 12 ნოემბერს გამართავენ.

23:45 ჩრდილოეთ ირლანდია – შვეიცარია

ბელფასტი, “უინდსორ პარკი”

ჩრდილოეთ ირლანდია (4-3-3): მაკგოვერნი, ჯ.ევანსი, მაკოლი, მაკლოუგლინი, ბრანტი, კ.ევანსი, ნორვუდი, დევისი, დელასი, მეგენისი, ლაფერტი.
მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი

შვეიცარია (4-4-2): სომერი, შარი, ლანგი, კ.როდრიგესი, ლიხშტაინერი, ჯაკა, შაქირი, ჯემაილი, ფერულე, მეჰმედი, სეფეროვიჩი.
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

23:45 ხორვატია – საბერძნეთი

ზაგრები, “სტადიონ მაქსიმირი”

ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი, ვიდა, ლოვრენი, პივარიჩი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, კრამარიჩი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი, მანძუკიჩი (?).
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

საბერძნეთი (4-4-2): კარნეზისი, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი (?), ცაველასი, ტოროსიდისი (?), ციოლისი, სამარისი, სტაფილიდისი, ზეკა, ფორტუნისი, მიტროღლუ.
მწვრთნელი: მიხაელ სკიბე

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116558