ძიუდო

18:19 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს და 100 ათასი ევროს 4 ქართული შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (სამივე +100 კგ) ამაღამ მაროკოში გაემგზავრებიან. 11 ნოემბერს კი ქალაქ მარაკეშში, მსოფლიოს 2017 წლის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ტატამზე სულ 56 ძიუდოისტი გავა. მამაკაცებში სატურნირო ბადეში 40 სპორტსმენი გადანაწილდება. ქალთა შორის კი მხოლოდ 16 კანდიდატია.

მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი გამორჩეული პირველ ყოვლისა არანორმალური საპრიზო ფონდით – ნახევარი მილიონი ევროთი იქნება. ჩემპიონები ოქროს მედლებთან ერთად 100-100 ათას ევროს მიიღებენ. ვერცხლის პრიზიორებს 50-50 ათასი ერგებათ, ხოლო ბრინჯაოსნებს – 25-25 ათასი. ფულადი ჯილდო უმედლოდ დარჩენილ ძიუდოისტებსაც ერგებათ. რეპეშაჟის ფინალში წაგებულებს – 10-10 ათასი ევრო, მე-7 ადგილზე გასულებს კი 5-5 ათასი.

მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატზე კიმონოს ილიას ილიადისისა და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურიც მოირგებს. ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ აბსოლუტურ კონკურენციაში მაინც ჩაებმება.

და კიდევ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მაროკოში გასამართი სუპერშეჯიბრების წინ, ვიდეორგოლით გაიხსენა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის დაპირისპირება. მარაკეშში თანამედროვე ძიუდოს ფრანგი სუპერვარსკვლავიც ჩადის და სავსებით შესაძლებელია, გურამ თუშიშვილს მასთან რევანშის შანსი მიეცეს.

0.116568