საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების და "ლიონის" მცველმა მუქთარ დიაქაბიმ, შესაძლოა, კარიერა "ჩელსიში" გააგრძელოს. როგორც The Sun-ი იუწყება, "არისტოკრატების" თავკაცი ანტონიო კონტე "რომადან" გადაყვანილი ანტონიო რუდიგერის თამაშით უკმაყოფილოა და დაცვის ხაზის გაძლიერება ფრანგი ფეხბურთელით სურს.
გვინეის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 20 წლის მცველი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. გასულ სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ 34 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონის 6 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა. დიაქაბის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევროა.