ფეხბურთი

16:57 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა: გ ზონაში საჩემპიონო თამაში დარჩა

რეგიონული ლიგის (რანგით მეოთხე) ამბებს შეძლებისდაგვარად, პერიოდულად გაწვდით. როგორც იცით, ამ ლიგაში სამი ზონაა და 40 გუნდი გეოგრაფიული პრინციპითაა განაწილებული.

საკვანძო მატჩი იყო გ ზონაში: დღეს, საგურამოში, მეორეადგილოსანი “ლოკომოტივი 2” მასპინძლობდა მესამეადგილოსან “თბილისი სიტის” და 1:0 მოუგო. გოლი გიორგი კიკნაძემ გაიტანა.

ამით, ვლადიმერ ვაშაძის გაწვრთნილმა “ლოკო 2”-მა მეორე ადგილი გაინაღდა, ბოლო ტურში კი ლიდერ “ვარკეთილს” შეხვდება სტუმრად. ასე დაემთხვა, რომ ბოლოს საჩემპიონო თამაში იქნება: 16 ნოემბერს “ავაზაზე”. ვარკეთილელებს ფრეც ხელს აძლევთ, “ლოკოს” კი მხოლოდ გამარჯვება დასჭირდება. ამ დროისთვის “ვარკეთილი” ერთი ქულით წინაა.

თავის მხრივ, დღესვე, ამირან ლომსაძის გაწვრთნილმა “ვარკეთილმა” 9:0 სძლია საქართველოს უნივერსიტეტს.

ისე, მეორეადგილოსანსაც აქვს გადასვლის შანსი: ფლეი ოფი მოუწევს ჯერ ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან (სავარაუდოდ, დუშეთის “არაგვთან”) თამაში ნეიტრალურ სტადიონზე. ამ წყვილში გამარჯვებული კიდევ ერთ ფლეი ოფს ითამაშებს ლიგა 3-ის მეთხუთმეტე, ან მეთექვსმეტეადგილოსანთან. მოგებული კი ლიგა 3-ში დაიწყებს მომდევნო სეზონს...

ბ ზონაში ლიდერია რევაზ გოცირიძის გაწვრთნილი “საბურთალო 2” და თითქმის გაინაღდა კიდეც პირველი ადგილი. თამაშით ნაკლები აქვს სხვა გუნდებზე და ორი ქულით წინაა. ლიდერთ აჯგუფის სხვა გუნდებს ორ-ორი თამაში დარჩათ, ხოლო “საბურთალო 2”-ს – სამი. საბურთალოელებმა პირველად გუშინ წააგეს: “ცხუმთან” 0:1.

მეორეზე მყოფი “არაგვი” მესამეადგილოსან “ცხუმს” სამი ქულით უსწრებს და დიდი ალბათობით, გუნდები ამავე პოზიციებზე დარჩებიან.

ა ზონაში, ანუ დასავლეთში, 15 გუნდია და ორი პირდაპირ გადადის. ლიდერმა “ბახმარომ” 62 ქულა მოაგროვა და თავი ქუდში აქვს. შემდეგ მოდიან “მაჭახელა” (57 ქულა), “ლესიჭინე” (54) და “სამგურალი 2” (53). სხვები უშანსოდ არიან.

რეგიონულ ლიგაში გუნდებს წლიური 50 000 ლარი აქვთ დაფინანსება, ხოლო ლიგა 3-ში - 250 000 ლარი. ამიტომაც იკლავენ თავს გუნდები.

0.119536