თამაშგარე

17:51 | 7.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საბრინას “რომასი“ სჯერა

იტალიელი მსახიობი და მოდელი საბრინა ფერილი პირველ ყოვლისა საკუთარი ხელობითაა პოპულარული, თუმცა აპენინებზე ამ ქალს უკვე დიდი ხანია, რაც საფეხბურთო კლუბ “რომას“ თავგადაკლულ ქომაგადაც იცნობენ და დედაქალაქული კლუბის ერთგულებაში საბრინა მართლაც რომ სანიმუშოა.

საბრინა ფერილი ხშირად დიდი საიამაყით ამბობს, რომ “რომას“ ტიფოზობა მისი ოჯახის ძველთაძველი ტრადიციაა და ამ გუნდის გულშემატკივარი მისი მამა, ბაბუა და ბაბუის მამაც კი იყვნენ. “მგლებს“ ასევე საბრინას ძმებიც გულშემატკივრობენ და რა გასაკვირია, ფერილების საოჯახო ტრადიციას ცნობილი მსახიობიც თუ აგრძელებს.

შარშან საბრინას თურმე მეგობრებთან მსუყე სანაძლეოც კი დაუდია “რომას“ გაჩემპიონებაზე, მაგრამ როგორც იცით მაშინ კვლავ ტურინულმა გიგანტმა იმძლავრა. თუმცა, ფერილი იმედს არ კარგავს და ბოლომდე სჯერა, რომ სანატრელ სკუდეტოს სულ მალე ჩაიხუტებს. ვნახოთ ბატონო, ვნახოთ.

0.119557