იტალიური და ზოგადად ფეხბურთის ბოლო წლების გამორჩეულმა ვარსკვლავმა ანდრეა პირლომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად 38 წლის ნახევარმცველმა განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ფეხბურთში ანდრეა და მოღვაწეობას მენეჯრის ანაც მწვრთნელის რანგში განაგრძობს. იქამდე კი, მოკლედ გავიხსენოთ ანდრეა პირლოს კარიერა.
იტალიის ეროვნული ნაკრები: 116 თამაში, 13 გოლი
უეფას ტურნირები: 139 თამაში, 11 გოლი
შიდა ჩემპიონატები (ევროპა): 556 თამაში, 61 გოლი
კარიერა
“ბრეშა”
დაიბადა ფლეროსთან ახლოს და გაიზარდა “ბრეშას” აკადემიაში. პირველ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა “რეჯანას” წინააღმდეგ. 1996-1997 წლების სეზონში 17 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა და თავის გუნდს სერია A-ს საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. იტალიურ ელიტაში კი პირველი გოლი “ვიჩენცას” გაუტანა. საბოლოოდ, იმ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო.
“ინტერი” / “რეჯინა”
ანდრეა 1998 წელს “ინტერში” გადაბარგდა. გუნდში, რომელსაც ქომაგობდა. თუმცა, მისი მილანური ოდისეა არ გამოდგა მაინცდამაინც წარმატებული. 6 თვეში “ნერაძურიმ” “რეჯინაში” გაანათხოვრა, სადაც 22 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.
შემდეგ იყო დაბრუნება ისევ “ინტერში” და ისევ იმედგაცრუება. საბოლოოდ, 2001 წლის იანვარში იგი უკვე “ბრეშაში” გაანათხოვრეს. კარლო მაცონე იხსენებს: “თავდაპირველად ჩემი გადაწყვეტილება არ ესმოდათ, მაგრამ მათ ერთ რაღაცას ვეუბნებოდი – მიეცით ბურთი პირლოს, სხვა არაფერი მოგეთხოვებათ”.
“მილანი”
“მილანმა” და “ინტერმა” ბარტერი გაჩარხეს – “როსონერიმ” ანდრეა პირლო მიიღო, “ნერაძურიმ” ანდრეს გულიემინპიეტრო. ვინ მოიგო ამით, ვგონებ, ისედაც ნათელია. კარლო ანჩელოტიმ ანდრეას პოზიცია შეუცვალა და მცველების წინ, თამაშის დირიჟორობა დაავალა. პირლოსთვის ეს იდეალური ადგილი გამოდგა. “როსონერისთან” ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერვე ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
თუმცა, ამ ორ გამარჯვებას შორის იყო მარცხიც. 2005 წელს სტამბულის ცნობილი ფინალი “ლივერპულთან”. პირლო ამ შეხვედრა მოგვიანებით ასე იხსენებს: “სტამბულის ფინალის მერე კარიერის დასრულებას ვაპირებდი. სხვა ვერაფერზე ფიქრობდი, ეს მდევნიდა, უძილობა მჭირდა, დეპრესია, შფოთვა. ვფიქრობდი, რომ ახალი დაავადება გავრცელდა მძიმე სიმპტომებით: სტამბულის სინდრომი.
პირლოსა და “მილანის” გზები 2011 წელს გაიყარა და არცთუ თბილად. “როსონერის” “ვეტერანი” ნახევარმცველი აღარ სჭირდებოდა. როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, გუნდი გაახალგაზრდავების გზას ადგა, ამიტომ მისთვის ადგილი ვერ გამოინახა. ანდრეამ “მილანის” რიგებში 401 მატჩი ჩაატარა, ორი სკუდეტო, ამდენივე ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, იტალიის სუპერთასი, იტალიის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. “მილანიდან” კი “იუვენტუსში” გადავიდა.
“იუვენტუსი”
“ვეტერანი” და ბევრისთვის ჩამოწერილი პირლო “ბებერი ქალბატონის” ნამდვილი ლიდერი გახდა. შეიძლება ითქვას, ბოლო წლების საუკეთესო ანდრეაც კი ვიხილეთ ტურინში. 2011-2012 წლების სეზონი “იუვემ” დაუმარცხებლად განვლო და სკუდეტო მოიპოვა. საერთოდაც, ტურინში გატარებულ 4 სეზონში პირლო 4-ჯერ დაეუფლა სკუდეტოს, ხოლო 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
ანდრეა პირლოს დიდი როლი მიუძღვის იმ ძლევამოსილი “იუვენტუსის” ჩამოყალიბებაში, როგორიც დღესაა. 2015 წლის ზაფხულში იტალიელმა ნახევარმცველმა ევროპა დატოვა და “ნიუ-იორკ სიტის” რიგებში დაიწყო ბურთის გორება.
იტალიის ნაკრები
ყველაფერი 21-წლამდელთა ნაკრების ლიდერობით დაიწყო. 2000 წელს, შესაბამისი კატეგორიის ჩემპიონატზე “აძურინიმ” ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო პირლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. უცნაურია, მაგრამ პირლო იტალიის ახალგაზრდული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია (მიუხედავად პოზიციისა).
ეროვნულ ნაკრებში დებიუტი კი ჯოვანი ტრაპატონის მწვრთნელობის დროს ჰქონდა 2002 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მაგრამ პირლო მარჩელო ლიპის ხელში უფრო გაიხსნა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაში დიდი როლი ითამაშა (1 გოლით და 4 საგოლე პასით). სწორედ პირლოს გოლით დაიწყო ტრიუმფალური გზა “სკუადრა აძურამ” (განასთან), ფინალში პენალტების სერიაც “მაესტრომ” გახსნა.
იმავე მუნდიალზე პირლო მხოლოდ ზენედინ ზიდანსა და ფაბიო კანავაროს ჩამორჩა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე. 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალში იტალია ესპანეთთან სუსტად გამოვიდა, მაგრამ იქამდე ორი ფავორიტი გერმანია და ინგლისი დაამარცხა. ალბიონელებთან პენალტების სერიაში საქვეყნოდ ცნობილი “პანენკა” შეასრულა ფანტასტიკურად.
იტალიის ნაკრების რიგებში მეასე მატჩი 2013 წელს ფიფას კონფედერაციათა თასზე ჩაატარა და იუბილე გოლით აღნიშნა (ულამაზესი ჯარიმა მექსიკის ნაკრების კარში “მარაკანაზე”). ანდრეა პირლოსა და იტალიის ნაკრების სიყვარულის ისტორია 2015 წელს 116 თამაშით დასრულდა. მასზე მეტჯერ “სკუადრა აძურას” რიგებში მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს, ფაბიო კანავაროსა და პაოლო მალდინის უთამაშიათ.
მასზე ამბობენ...
“მისი გული წუთში 35-ჯერ სცემს. ეს შეუძლებელია” – ჯანლუკა ვიალი.
“როდესაც მითხრეს, რომ ანდრეა ჩვენთან მოდიოდა, პირველი რაც გავიფიქრე იყო ეს: ღმერთი არსებობს” – ჯიჯი ბუფონი.
“პირლო ჩუმი ლიდერია, ის ფეხებით საუბრობს” – მარჩელო ლიპი.
“როდესაც პირლოს ბურთი აქვს, უსაფრთხოდ ხარ” – ზბიგნევ ბონეკი.
“ის არის სანახაობრივი ფეხბურთელი. მე მას ბევრჯერ შევხვედრივარ, როდესაც თამაშობდა იტალიის ნაკრებში, “მილანში”, “იუვენტუსში” და ყოველთვის ვიყავი მისი თაყვანისმცემელი” – ჩავი ერნანდესი.
"ანდრეა პირლო საყოველთაო ფეხბურთელია" - ჩეზარე პრანდელი.
"მინახავს დიდი ფეხბურთელები, ფენომენები, თავდამსხმელები, ათასი გოლი, მაგრამ არასდროს მინახავს მეორე ანდრეა პირლო" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
ის ამბობს...
“ცხოვრებაში კარგი მსახიობი ხარ ან კარგი პიროვნება. შუალედური მდგომარეობა არ არსებობს”.
“როდესაც იტალიის ასაკობრივ ნაკრებში პირველად გამომიძახეს, ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ სკოლაში სამი დღე არ წავიდოდი. მაშინ, სხვა პრიორიტეტები მქონდა”.
“ჩემთვის ზეწოლა არ არსებობს. 9 ივლისს დავიძინე, შუადღით ფლეისთეიშეინი ვითამაშე და საღამოს მსოფლიოს თასი მოვიგე”.
"ფეხბურთს ტვინით თამაშობენ. ფეხები მხოლოდ ინსტრუმენტებია".
“უძლეველობის განცდა – ეს არის ის, რაც აუცილებლად მიგიყვანს დამარცხებამდე”.
“თუ ღმერთი არსებობს, არ შეიძლება იყოს ფრანგი”.
“ანტონიო კასანო ამბობს, რომ მას ათასამდე ქალთან ეძინა, მაგრამ ბედნიერი იყო მაშინაც კი, როდესაც იტალიის ნაკრებში არ იძახებდნენ. მე არ მესმის როგორ შეიძლება იყო ბედნიერი ეროვნული ნაკრების გარეშე. იცავდე სამშობლოს ღირსებას, ეს სექსზე დიდი სიამოვნებაა”.
“მე არასდროს ვითამაშებდი სერია ბ-ში. თუ “მილანს” დასჯიდნენ, აუცილებლად წავიდოდი სხვაგან და თავს მოღალატედ არ ვიგრძნობდი. სხვის შეცდომებზე სხვებმა პასუხი არ უნდა აგონ”.
“არცერთ გუნდს არ დაუშლია ჩემთვის იტალიის ნაკრებში თუნდაც ამხანაგურ მატჩში თამაში. იცოდნენ, რომ ჩემთვის ნაკრები პირველი იყო და ამ საქციელით დამკარგავდნენ”.
“21 – მამაჩემის დაბადების დღე. როდესაც, ოჯახი შევქმენი. როდესაც, დებიუტი მქონდა სერია ა-ში. ციფრი, რომელიც ჩემს ზურგს ამაგრებს”.
“კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ვაპირებდი. თუმცა ეს იქამდე, სანამ ანტონიო კონტეს შევხვდებოდი”.