შაბათს, თბილისის “ლოკომოტივი” ქობულეთის “შუქურას” მასპინძლობდა. ეროვნულ ლიგაში დებიუტი ჰქონდა ლუკა სილაგაძეს, რომელმაც “ლოკოს” მაისურით თითქმის ნახევარი საათი ითამაშა. აღვნიშნეთ კიდეც მისი კარგი თამაში, 18 წლის გარემარბმა საგოლე პასი მიითვალა...
სილაგაძე ისევ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ “ლოკოს” 19-წლამდელთა გუნდს დაუბრუნდა და მეორე დღეს, ანუ კვირას, “სამტრედიასთან” 4:0 მოგებულ შეხვედრაში ტაიმნახევარი ითამაშა.
ანუ რა გამოდის: ეროვნულ ლიგაში არ დაღლილა. 19-წლამდელებშიც კარგად ითამაშა, დაღლილობისა არაფერი ეტყობოდა. წესით, “შუქურასთან” არაქათი უნდა გამოსცლოდა, მაგრამ...
სამწუხაროდ, ეროვნული ლიგის არაერთ მატჩში ვხედავთ, რომ ფეხბურთელები ცოტას მოძრაობენ და იმიტომაც არის, რომ მერე ევროტურნირებზე სირცხვილს ჭამენ. იქ სხვა ტემპია, სხვა აჩქარებები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგი საქმე გააკეთა პოლარი რომ დაურიგა კლუბებს და იქ აჩვენებს, რომელი ფეხბურთელი რა მანძილს ფარავს. ჩვენების დაფარული ევროპულ სტანდარტებს დიდად არ ჩამოუვარდება, მაგრამ აქ მთავარია, რა სისწრაფით და რამდენჯერ აკეთებს სპრინტს. სხვაგვარად, სიარული გამოდის.
ასეთი მონაცემები ეროვნული ნაკრების დონეზეც მინახავს. საქართველო უკრაინას რომ ხვდებოდა (1:2 წავაგეთ), ჩვენების დაფარული მანძილი აღემატებოდა უკრაინელებისას, მაგრამ სპრინტების მიხედვით მეტოქეს ჰქონდა უპირატესობა.
დავუბრუნდეთ ეროვნულ ლიგას. ხშირად აქვეყნებენ კიდეც ამ მონაცემებს, მაგრამ ვხედავთ ერთნიშნა რიცხვებს. ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა და სპრინტი 7, 8, ან 6...
კიდევ, გააჩნია სწორად სირბილსაც, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ჯერ სირბილი დავიწყოთ...