ფეხბურთი

2:40 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტის” +8

პრემიერლიგის მე-11 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი დაპირისპირება იწვევდა. საოცარ ფორმაში მყოფი “მანჩესტერ სიტი” “ეტიჰად სთედიუმზე” “არსენალს” დაუხვდა და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

“ქალაქელებმა” შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და სერხიო აგუეროს და რაჰიმ სტერლინგს დებიუტშივე შეეძლოთ გატანა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, მე-19 წუთზე ივარგა კევინ დე ბრუინმა, რომელმაც ფერნანდინიოსთან კედელი გაითამაშა და შემდეგ პეტრ ჩეხს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა. საწყის 45 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა.

“სიტისთვის” მეორე ნახევარი დიდებულად დაიწყო: 49-ე წუთზე ნაჩო მონრეალმა საკუთარ საჯარიმოში რაჰიმ სტერლინგი დანიშნა, მსაჯმა კი ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა და სერხიო აგუერომ სხვაობა ორამდე გაზარდა. “არსენალმა” გაიბრძოლა და 65-ე წუთზე ალექსანდრე ლაკაზეტმა ახლო მანძილიდან სხვაობა შეამცირა, თუმცა მასპინძლებმა მალე შეხვედრის ბედი საბოოლოოდ გადაწყვიტეს: სტუმართა მცველებს დავიდ სილვა თამაშგარე მდგომარეობაში ეგონათ და გაჩერდნენ, თუმცა მსაჯმა გუნდებს თამაში გააგრძელებინა, რითაც ესპანელმა ფეხბურთელმა ისარგებლა და მშვენიერ პოზიციაში მყოფ გაბრიელ ჟეზუსს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდს შესაძლებელი 33 ქულიდან 31 აქვს აღებული და უახლოეს მდევრებს უკვე 8 ქულით უსწრებს. მათ უკვე 38 გოლი აქვთ გატანილი, როდესაც “ტოტენჰემს” და “ჩელსის” ერთად 39 ბურთი აქვთ შეგდებული.

კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო ჯახი შედგა “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც “ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით სძლია. ლონდონური კლუბი სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე რომში შერცხვა, სადაც ადგილობრივი კლუბისგან სამი უპასუხო გოლი გაუშვა და “იუნაიტედთან” მატჩში გულშემატკივრების თვალში რეაბილიტირება მართებდა, რასაც თავი წარმატებით გაართვა.

“არისტოკრატები” მთელი შეხვედრის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ და სამი ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. დავიდ დე ხეას კარში გოლი დებიუტშივე გავიდა: მე-7 წუთზე ფილ ჯონსმა ავტოგოლი გაიტანა, თუმცა სტუმართათვის საბედნიეროდ, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა მიიჩნია, რომ ალვარო მორატამ ინგლისელ მცველს ხელი ჰკრა, ჯარიმა დანიშნა და სტუმრები გადარჩნენ. სულ მალე გუნდებმა თითო ძალიან რეალური საგოლე მომენტები გაცვალეს: ჯერ მარკუს რეშფორდის თავური გამოდგა არაზუსტი, ხოლო მალევე ტიემუე ბაკაიოკოს ჰქონდა 100%-შანსი, მაგრამ ახლო მანძილიდან საშინლად დაარტყა და ტიბო კურტუას კარს ააცილა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

“ჩელსი” უპირატესობას მეორე ნახევარშიც ფლობდა, რაც ტაბლოზე 55-ე წუთზე აისახა: სესარ აზპილიკუეტას მშვენიერ ჩაწოდებულს ალვარო მორატა გამოეხმაურა და ბრწყინვალე თავური დარტყმით დავიდ დე ხეა ადგილზე გააშეშა. ლონდონელებმა გატანილი გოლის შემდეგ კონტრშეტევებზე დაიწყეს თამაში და სხვაობის გაზრდის ორი ძალიან კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ პირველ ეპიზოდში ბაკაიოკომ ააცილა, ხოლო მეორე შემთხვევაში ედენ აზარს დე ხეამ აჯობა. გამოუყენებელი მომენტების გამო მასპინძლები კინაღამ დაისაჯნენ: 87-ე წუთზე რეშფორდის დარტყმული სულ ოდნავ ასცდა კურტუას კარს, ხოლო 90-ე წუთზე მარუან ფელაინის თანამემამულე მეკარემ აჯობა და ანტონიო კონტეს გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

“ტოტენჰემი”, რომელმაც შუა კვირაში მადრიდის “რეალი” დაამარცხა (3:1), “უემბლიზე” თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” დაუხვდა, სონის გოლით აჯობა და ქულებით “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუთანაბრდა.

კრიზისში მყოფი “ევერტონი” შინ “უოტფორდს” ეთამაშა და 65-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, თუმცა...

დარჩენილმა 25 წუთმა საოცრად ჩაიარა. 67-ე წუთზე ერთი ბურთი ნიასემ გაქვითა, ხოლო 74-ე წუთზე კალვერტ-ლეუინმა წონასწორობა აღადგინა. 91-ე წუთზე კი ლეიტონ ბეინსმა პენალტი ზუსტად შეასრულა და “ევერტონი” საშინელი სერიის შეწყვეტასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მსაჯმა მე-10 დამატებულ წუთზე პიკფორდის მიერ რიჩარლისონის წაქცევის გამო 11-მეტრიანი დანიშნა და მასპინძლებს ასეთი ბრწყინვალე “ქამბექი” წყალში ეყრებოდათ, მაგრამ ტომ კლევერლიმ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვერ გამოიყენა და “ევერტონმა” დრამატულ მატჩში მოგება მოახერხა - 3:2.

ტოტენჰემი – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)

გოლი: სონი (64)

ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

გოლი: მორატა (55)

მანჩესტერ სიტი – არსენალი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 2:0 აგუერო (50 პენ.), 2:1 ლაკაზეტი (65), 3:1 ჟეზუსი (74)

ევერტონი – უოტფორდი 3:2 (0:0)

გოლები: 0:1 რიჩარლისონი (46), 0:2 კაბასელე (64), 1:2 ნიასე (67), 2:2 კალვერტ-ლეუინი (74), 3:2 ბეინსი (91)

კლევერლიმ (უ) 90+11 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)

0.159517