საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში მარსელის “ოლიმპიკმა” “კაენი” (5:0) გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია პატრის ევრას, მაგრამ ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა.
საქმე ისაა, რომ თამაშის დროს “მარსელის” გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე დიდი ბანერი გამოფინეს, რომელზეც ევრას მიმართ არცთუ თბილი და სასიამოვნო სიტყვები იკითხებოდა.
“შენ ფიქრობდი, რომ უფრო დიდი ხარ, ვიდრე “მარსელი” და მისი გულშემატკივრები. ჩვენ აღარ გვსურს შენი ხილვა ჩვენს ფერებში. ევრა წადი ყ....”, - ასეთი შინაარსის ბანერი გადმოფინეს “ველოდრომზე” ქომაგებმა.
თავის მხრივ, ევრა “მარსელის” გამარჯვებას ინსტაგრამის გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა:
“დიდი შედეგი მივიღეთ, ბიჭებმა კარგად იშრომეს. თქვენით ძალიან ვამაყობ, მადლობა “მარსელის” ყველა ნამდვილ გულშემატკივარს”, - დაწერა ევრამ.
შეგახსენებთ, პატრის ევრამ “გიმარაეშთან” მატჩის დაწყებამდე “ოლიმპიკის” ქომაგს სახეში ფეხით ჩაარტყა. როგორც ცნობილია, ქომაგმა ფეხბურთელი წყობილებიდან რასისტული შეძახილებით გამოიყვანა. ახლა, გამოცდილ ფრანგ მცველს 5 მატჩიდან 9 თვემდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.