კალათბურთი

0:17 | 6.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართული დერბი თორნიკე შენგელიამ მოიგო და გიორგი შერმადინის MVP

ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურში ქართული დერბი შედგა. გიორგი შერმადინის “უნიკახამ” თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” უმასპინძლა და ძალზე დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 72:73.

შეიძლება ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ ანდალუზიელებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს და სწორედ ის 10 წუთი დაუჯდათ მარცხის ფასად (13:24).

ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ და მოედანზე გამორჩეულებიც იყვნენ. გიორგი შერმადინი შეხვედრის MVP გახდა, ხოლო თორნიკე შენგელია მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე.

შერმადინმა 19:49 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 10 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოებიდან კი ბედი არ უცდია. რაც შეეხება მოხსნებს, 4-ჯერ მეტოქის ფარზე იყოჩაღა. სხვათა შორის, შერმადინი ერთადერთი გამოდგა ორივე გუნდის რიგებში, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და ამიტომ, მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა – 24.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და თავის გუნდს 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სამიანი კი ერთხელ არაზუსტად ისროლა. თუ შერმადინი საუკეთესო კალათბურთელი იყო მოედანზე, შენგელია ყველაზე შედეგიანი თანაგუნდელ როდრიგო ბეუბოისთან ერთად (15-15 ქულა).

“ბასკონიას” 7 ტურში 3 მოგება და 4 წაგება აქვს. ბასკები ამ შედეგით მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო “უნიკახა” მერვეა 4 მოგებითა და 3 მარცხით. “ბასკონია” მომდევნო ტურში 12 ნოემბერს “ჟუვენტუტს” უმასპინძლებს, ხოლო მალაგელები იმავე დღეს “გიპუზკოას” ესტუმრებიან.

0.143061