ფეხბურთი

3:00 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლივერპულმა” ლონდონში გაისეირნა

პრემიერლიგის მე-11 ტურის პირველ სათამაშო დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართა. “დიდი ექვსეულიდან” მხოლოდ “ლივერპულმა” ითამაშა და ლონდონში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

“ვესტ ჰემი” ძალიან ცუდ ფორმაშია, გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებს და ასე თუ განაგრძეს, სლავენ ბილიჩს სამსახურის დატოვება მოუწევს. მერსისაიდელებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს და 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს.

სტუმრებმა სათამაშო ინიციატივა თავიდანვე მოიპოვეს და 21-ე წუთზე განხორციელებული მშვენიერი კონტრშეტევის შემდეგ მოჰამედ სალაჰმა ანგარიში გახსნა, სამ წუთში კი ჯოელ მატიპმა ახლო მანძილიდან შეაგდო და ტაიმი 0:2 დასრულდა.

“ჩაქუჩებმა” გაბრძოლება სცადეს და 55-ე წუთზე ლანცინიმ სხვაობა შეამცირა, თუმცა ამ გოლით არაფერი შეცვლილა, რადგან ერთ წუთში ჩემბერლენმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, ხოლო 75-ე წუთზე სალაჰმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 1:4.

ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც მასპინძელმა გუნდმა იმარჯვა “ჰადერსფილდის” და “ვესტ ბრომვიჩის” დაპირისპირებაა. პრემიერლიგის დებიუტანტები ტაიმის ბოლოს ვან ლა პარამ დააწინაურა და მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ნახევარი საათი კაცნაკლულებს მოუწიათ თამაში, ანგარიშის შენარჩუნება მოახერხეს.

მორიგი წარმატებული შეხვედრა ჰქონდა “ბარნლის”, რომელმაც ვოკსის გოლით გასვლაზე “საუთჰემპტონს” აჯობა და მე-7 ადგილამდე აღზევდა. ასეთივე ანგარიშით “ბრაიტონმა” “ლიბერთი სთედიუმზე” “სუონსი” დაამარცხა, ხოლო “ბორნმუთმა” “ნიუკასლი” მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დატოვა უქულოდ.

რაც შეეხება ტურის გახსნით შეხვედრას, “სტოკის” და “ლესტერის” ჯახი ოთხგოლა ფრედ დასრულდა. ეს მატჩი უჩვეულო ფაქტით გამოირჩა, თამაშის მსვლელობისას შეხვედრის მთავარი მსაჯი რობერტ მედლი დაშავდა და ის ჯონათან მოსმა შეცვალა.

სტოკი – ლესტერი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 იბორა (33), 1:1 შაქირი (39), 1:2 მაჰრეზი (60), 2:2 კრაუჩი (73)

ჰადერსფილდი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (1:0)

გოლი: ვან ლა პარა (44)
გაძევება: შინდლერი (57)

ნიუკასლი – ბორნმუთი 0:1 (0:0)

გოლი: კუკი (92)

საუთჰემპტონი – ბარნლი 0:1 (0:0)

გოლი: ვოკსი (81)

სუონსი – ბრაიტონი 0:1 (0:1)

გოლი: მიურეი (29)

ვესტ ჰემი – ლივერპული 1:4 (0:2)

გოლები: 0:1, 1:4 სალაჰი (21; 75), 0:2 მატიპი (24), 1:2 ლანცინი (55), 1:3 ჩემბერლენი (56)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113557