ფეხბურთი

1:30 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იუპის "ბაიერნთან" ხუმრობა არ შეიძლება (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სიგნალ იდუნა პარკზე” შედგა, სადაც “დორტმუნდმა” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და კონკურენცია ვერ გაუწია.

რამდენადაც ნათელი დღეები უდგას “ბაიერნს”, იმდენად შავ დღეშია “დორტმუნდი”. მოკლედ, არაფერი გასაკვირი არ მოხდარა. მოიგო იმას, ვისაც უნდა მოეგო. “რეკორდმაისტერის” შანსი მატჩამდეც უფრო ძვირად ფასობდა და თამაშმაც ცხადყო, რომ ამ ორ გუნდს შორის განსხვევაბა ცა და დედამიწაა.

იუპ ჰაინკესის მოსვლის წუთიდან “ბაიერნი” სრულიად გარდაიქმნა და დაბრუნდა ის ძველი მანქანა, რომელიც დიდმა იუპმა დატოვა. “სიგნალ იდუნა პარკზე” კი ანგარიში მალევე გაიხსნა: ხამესმა არიენ რობენი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე და ჰოლანდიელს მეტი რაღა უნდოდა, შეაგდო. მასპინძლებს ძალიან უჭირდათ გონივრული და გააზრებული თამაში შეტევაში. ამიტომაც იყო, რომ სტუმართა კართან სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ეგ კი არა, პირველ ტაიმში მიუნხენელებმა მეორედ იხეირეს. კიმიხის პასის მერე რობერტ ლევანდოვსკიმ ყოფილი გუნდის კარში ქუსლით მოხდენილი გოლი გაიტანა.

მეორე ნახევარში სურათი უცვლელი დარჩა: “ბაიერნი” ძლიერი იყო, “დორტმუნდი” – სუსტი. თუმცა, გოლები ამჯერად გაიცვალა, ჯერ დავიდ ალაბამ გაზარდა სხვაობა, ბოლოსკენ კი მარკ ბარტრამ პრესტიჟის გოლი გაიტანა. ეს იყო და ეს. “ბაიერნმა” ლიდერობა განიმტკიცა და ეჭვგარეშეა, რომ დამდეგ ტურებში უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდის. სხვათა შორის, “რეკორდმაისტერმა” ჰაინკესის ხელმძღვანელობით ბუნდესლიგის ბოლო 25 მატჩი წაუგებლად ჩაატარა (21 მოგება, 4 ფრე). თავის მხრივ, პეტერ ბოში ალბათ უმუშევარი დარჩება – “ყვითლების” საქმე საშინლადაა. ზედიზედ 4 მოუგებელი მატჩი ბუნდესლიგაში (1 ფრე, 3 წაგება) და ამას ჩემპიონთა ლიგაზე “აპოელთან” ორი ფრეც უნდა დავუმატოთ...

ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგის” გამარჯვება შინ “ჰანოვერთან”. თუმცა, თავიდან სტუმრები იგებდნენ და ახლოსაც იყვნენ “რედ ბულ არენადან” ქულა მაინც წაეღოთ, მაგრამ თამაშის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა, როცა ტიმო ვერნერმა დაამწუხრა სტუმრები და თავისიანებს მოაგებინა. “ლაიფციგმა” ამ გამარჯვებით “დორტმუნდს” გადაასწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ზედიზედ მეხუთე წაუგებელი თამაში ჩაატარა და შედეგიც დაუფასდა “შალკეს” – “ხუმარები” უკვე მეოთხე პოზიციაზე წამოსკუპდნენ და როგორც ჩანს, სულაც არ ხუმრობენ. გელზენკირხენელებმა ამჯერად ფრაიბურგში მოიგეს. იმ “ფრაიბურგთან”, რომლის საქმე ვერ მიდის რიხით და გასავარდნი ზონის ერთ-ერთ წევრად უნდა მოვიაზროთ.

“დორტმუნდი” – “ბაიერნი” 1:3 (0:2) VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 360

“დორტმუნდი” (4-1-2-3): ბიურკი; ბარტრა, სოკრატისი (ტოლიანი 42), ტოპრაკი, შმელცერი; ვეიგლი; კაგავა (გიოტცე 68), კასტრო; იარმოლენკო (სანჩო 80), ობამეიანგი, პულიშიჩი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი, კიმიხი, ჰუმელსი, ზულე, ალაბა (რაფინია 74); ტიაგო ალკანტარა, მარტინესი (რუდი 81); რობენი, ხამესი (ვიდალი 84), კომანი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

გოლები: 0:1 რობენი (17), 0:2 ლევანდოვსკი (37), 0:3 ალაბა (67), 1:3 ბარტრა (88)

გაფრთხილება: შმელცერი (9), ტოპრაკი (59) – ალაბა (65), მარტინესი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ტობიას შტილერი

“აუგსბურგი” – “ლევერკუზენი” 1:1 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 ვოლანდი (47), 1:1 დანსო (49)

“გლადბახი” – “მაინცი” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დიალო (19), 1:1 ვესტერგაარდი (67)

“ფრაიბურგი” – “შალკე” 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: 0:1 კალიჯური (62)

“ჰამბურგი” – “შტუტგარტი” 3:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ჰანტი (20), 1:1 გინჩეკი (55, პენ), 2:1 კოსტიჩი (65), 3:1 არპი (69)

“ლაიფციგი” – “ჰანოვერი” 2:1 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 ჟონათასი (56), 1:1 პოულსენი (70), 2:1 ვერნერი (85)

თეგებიბუნდესლიგა
0.586825