ხშირად ვერ ნახავთ, რომ ერთ შეხვედრაში ერთი ფეხბურთელი ორ ჯარიმას იტანდეს. თანაც, სხვა და სხვა ფეხით. თუმცა, იტალიური “ბოლონიას” შემტევი ნახევარმცველი სიმონე ვერდი ამ მხრივ გამონაკლისი გამოდგა.
25 წლის ვერდიმ “კროტონესთან” მატჩში ჯერ მარცხენა ფეხით დაარტყა და იდეალურად შეასრულა სტანდარტული სიტუაცია. არ გასულა დიდი დრო და უკვე მარჯვენა ფეხით აიღო სტუმართა კარი.
სტატისტიკოსებმა გამოითვალეს და დაადგინეს, რომ სერია A-ში ერთ მატჩში ორი ჯარიმა მარჯვენა და მარცხენა ფეხით 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ არავის გაუტანია.
საერთოდაც, კალჩოში ბოლოს ერთმა ფეხბურთელმა ორი ჯარიმა ზუსტად 2014 წლის მაისში გაიტანა. მაშინ “ლივორნოს” ფორვარდმა პაულინიომ “უდინეზესთან” გაიფორმა დუბლი, თუმცა მისი მიღწევა იმდენად არ ფასობს, რადგან ორჯერვე მარჯვენა ფეხით შეაგდო. სხვათა შორის, მაშინ ჯარიმებით შესრულებული დუბლი “ლივორნოს” არაფერში წაადგა (დამარცხდა) და ახლაც, ვერდის გოლები “ბოლონიასთვის” საკმარისი არ გამოდგა.