ეს იყო მეფის დღე – ლებრონ ჯეიმსმა “კლივლენდ კავალიერსის” 4 მატჩიანი წაგებების სერია პირადად დაასრულა. ფანტასტიკურად ითამაშა 32 წლის ლეგენდარულმა კალათბურთელმა “ვაშინგტონ ვიზარდსის” წინააღმდეგ და მატჩი არც მეტი, არც ნაკლები 57(!) ქულით დაასრულა.
ეს შედეგი ლებრონის კარიერაში მეორეა. აქამდე ჯეიმსმა NBA-ში უფრო მეტი ქულა 2014 წლის 3 მარტს, “მაიამი ჰიტისა” და “შარლოტ ჰორნეტსის” შეხვედრაში ჩააგდო – 61 ქულა. საინტერესოა, რომ ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში უკვე 29 ათასი ქულის ავტორია. სხვათა შორის, ასეთი შედეგისთვის NBA-ში 32 წლის ასაკში არავის მიუღწევია. ამასთან, ჯეიმსმა ლიგაში უკვე მეთერთმეტედ მოეახერხა 50-ზე მეტი ქულით მატჩის დასრულება და ალე აივერსონს გაუტოლდა, NBA-ს ისტორიაში კი, მე-6 ადგილზე იმყოფება.
"მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, რომ წარუმატებელი სერია დასრულებულიყო. არ მიყვარს წაგება, მაგრამ არ ვარ ის, ვინც ლაპარაკობს. უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო", - თქვა ლებრონმა მატჩის შემდეგ NBATV-სთან საუბრისას.
სხვა კი, დედაქალაქში გამართულ თამაშზე რა ითქმის – “კავალერიამ” 130:122 მოიგო და ესეც ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი როლი მიუძღვის გამარჯვებაში ჯეიმსს. ლებრონმა 42 წუთი ითამაშა ორმაგი დუბლი გაიფორმა. ხსენებულ 57 ქულას 11 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დაამატა.
რა თქმა უნდა, “მეფესავით” არაფრის უფრენია ვაშინგტონში, მაგრამ კარგი მატჩი ჰქონდათ დერიკ როუზს (20 ქულა) და ჯეი ქრაუდერს (17 ქულა). “ვიზარდის” რიგებში კი ბრედლი ბილის გამოუვიდა დიდებული საღამო: 36 წუთში 36 ქულა მოიხვეჭა.
“კლივლენდს” აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 მოგებითა და 5 წაგებით მეათე ადგილი უკავია.