კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ შეიარაღებული კონფლიქტებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა სამედიცინო დახმარების ფონდში 73 ათასი ევრო გადარიცა.
ეს ის თანხაა, რომელიც სასამართლომ გამოცემა La Razon-ს მესის სახელისა და ღირსების შემლახველი სტატიის გამოქვეყნებისთვის დააკისრა.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ აღნიშნული გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი შეურაცხმყოფელ კონტექსტში იყო მოხსენიებული და მას დოპინგის მოხმარებაშიც ადანაშაულებდნენ, რის გამოც მესიმ სასამართლოს მიმართა.
ამ საქმეზე განაჩენი 2016 წელს გამოიტანეს, თუმცა La Razon-მა კომპენსაცია ახლახან გადაიხადა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება დაამტკიცა. მესიმაც თავიდანვე დადებული პირობა შეასრულა და საკომპენსაციო თანხა ქველმოქმედებას მოახმარა.