ევროლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო “სასკი ბასკონიამ”. ესპანურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ათენის “პანათინაიკოსთან” უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა ერთი ქულის სხვაობით – 85:84.
შეხვედრა რომ დრამატული იყო, ანგარიშიდანაც ჩანს: მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე "ბასკონია" 83:84 აგებდა, როდესაც დაცვაში თორნიკემ დაფარება შეასრულა, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და გამარჯვების მომტანი ორქულიანიც ჩააგდეს.
“ბასკონიას” ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ თანაგუნდელთა შორის ყველაზე დიდი დრო სწორედ მან გაატარა პარკეტზე. თორნიკემ 29:35 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში 15 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება შესძინა გუნდს.
ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 6 ორქულიანი, 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა. შენგელია თანაგუნდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ ჯეისონ გრანგერს ჩამორჩა (20 ქულა).
“ბასკონიას” ევროლიგაში 5 ტურის შემდეგ 1 გამარჯვების წილ 4 წაგება აქვს და მხოლოდ მე-15 ადგილზე იმყოფება. ბასკები ევროლიგის მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, სტუმრად “ხიმკის” დაუპირისპირდებიან.