ფეხბურთი

10:00 | 3.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობდათ, საზაფხულო პაუზის შემდეგ კი გასულ სეზონში განახლდა.

სანამ ნომინანებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

სექტემბერში ჩვენი გამოკითხვა სოლომონ კვირკველიამ მოიგო, თანაც, დიდი უპირატესობით - ხმების 54.2% მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს: ჯანო ანანიძე (სექტემბერი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი) და სოლომონ კვირკველია (სექტემბერი).

ახლა კი, 2017 წლის ოქტომბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ხუთი კანდიდატი გვყავს და ყველა მათგანი ლეგიონერია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ოქტომბრის თვის ნომინანტთა სიას და ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”:

ნიკა კაჭარავა (“კორონა”, პოლონეთი) – ნიკა კაჭარავა ტრავმის შემდეგ მოედანს სწორედ გასულ თვეში დაუბრუნდა და თავი მშვენივრად წარმოაჩინა. 23 წლის შემტევმა ოქტომბერში სულ რაღაც 2 თამაში ჩაატარა, თუმცა ეს თავის გამოსაჩენად საკმარისი გამოდგა. ნიკამ ჯერ “გორნიკთან” საგოლე პასი მიითვალა, მერე “ლეხიას” ორი გოლი გაუტანა. კაჭარავა ექსტრაკლასის ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

დავით ხოჭოლავა (“შახტარი”, უკრაინა) – მას მერე, რაც ხოჭოლავა “შახტარში” გადავიდა, ყველაზე მეტი სათამაშო დრო სწორედ ოქტომბერში დაეთმო. ქართველმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, აქედან სამი ძირითად შემადგენლობაში, ხოლო ორი ჩემპიონთა ლიგაზე. ვინაიდან, ბოლო პერიოდში ქართველი ფეხბურთელების ხილვას ჩემპიონთა ლიგაზე მოკლებულნი ვართ, გადავწყვიტეთ, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე 24 წლის მცველიც წარდგენილი იყოს. ამასთან, ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ და არცთუ ურიგოდ.

გიორგი მერებაშვილი (“ვისლა”, პოლონეთი) – გიორგი მერებაშვილმა ოქტომბერში 4 თამაში ჩაატარა და ურიგოდ არ გარჯილა. 31 წლის შემტევმა “სლასკს” გოლი გაუტანა, ხოლო “პიასტთან” საგოლე პასი გააკეთა. იქედან გამომდინარე, რომ სხვა ლეგიონერების თავი დიდად არ გამოუჩენიათ ოქტომბერში, ეს უდაოდ გამოსარჩევი შედეგია. გარდა ამისა, მერებაშვილმა ორჯერ საქართველოს ნაკრების მაისურითაც ითამაშა.

სოლომონ კვირკველია (“ლოკომოტივი”, რუსეთი) – სოლომონ კვირკველია ჩვენი გამოკითხვის გამარჯვებულია სექტემბერში. 25 წლის ფეხბურთელს ოქტომბერიც გამორჩეული ჰქონდა. კვირკველიამ “ლოკომოტივის” რიგებში 6 თამაში ჩაატარა შეუცვლელად და მათ შორის, ორი ევროპა ლიგაზე. ერთხელ კი, საქართველოს ნაკრების რიგებში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური გასულ თვეში ორჯერ მოხვდა რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში.

ვაკო ყაზაიშვილი (“სან ხოსე”, აშშ) – ვაკო ყაზაიშვილის მონაგარი ოქტომბერში 6 მატჩი (2 საქართველოს ნაკრებში და 4 “სან ხოსეს” რიგებში) და ორი გოლია. ვაკომ ჯერ “პორტლენდის” კარი დალაშქრა, მერე კი “ვანკუვერს” გაუტანა საგარეო შეხვედრაში.

0.121416