ფეხბურთი

10:58 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ფინალისტები დღეს გამოვლინდებიან

1 ნოემბერს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში პირველად ნახევარფინალში რანგით მესამე ლიგის გუნდი ითამაშებს. ხონის „იმერეთი“ მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. ხონელები თასზე მეორე შესარჩევი ეტაპიდან ასპარეზობენ და ნახევარფინალში მოსახვედრად 6 ეტაპი გადალახეს. „იმერეთი“ კლუბის არსებობის განმავლობაში ამ დონეზე პირველად იასპარეზებს და ბუნებრვია ეს გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა. საჩხერელებს მეტოქისგან განსხვავებით საქართველოს თასზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. „ჩიხურა“ ბოლო წლებში ორჯერ იყო თასის ფინალში, მაგრამ ორივე შემთხვევაში თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, დავით ყიფიანის სახელობის თასი იმერელთათვის ერთადერთი შანსია ევროთასებზე მოსახვედრად და რა თქმა უნდა, სოსო ფრუიძის გუნდი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ქუთაისური და თბილისური კლუბების შეხვედრა ქართულ ფეხბურთში ყველა პრინციპულ დაპირისპირებად მოიაზრება. ამასთან ერთად გუნდების ეროვნულ ლიგაშიც ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და ჩემპიონობისთვის იბრძვიან. „ტორპედო“ და „დინამო“ თასის გათამაშებაში ერთმანეთს გასულ სეზონშიც შეხვდნენ. მაშინდელი მატჩიც ნახევარფინალურ ეტაპზე შედგა და ქუთაისელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქელებს ერთგვარი რევანში აქვთ ასაღები. როგორც ხედავთ, სატურნირო მნიშვნელობასთან ერთად მოახლოვებულ მატჩს უამრავი სხვა ფაქტორი ახლავს, რომელიც თამაშს დამატებით ინტრიგას სძენს.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი განახორციელებს.

gff.ge

0.112701