ფეხბურთი

15:49 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოს შესანიშნავი ხუთეული

იტალიის სერია A-ს 2017/18 წლების სეზონი საოცარი დრამატიზმით მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, 11 ტურის შემდეგ 5 გუნდი გამოიკვეთა, რომელიც არათუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად, არამედ ჩემპიონობისთვის რეალურ პრეტენზიას აცხადებს.

“ნაპოლი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”, “ლაციო” და “რომა” – განვლილი 11 ტურში ამ გუნდებმა 53 მატჩი ჩაატარეს (“რომას” ერთი შეხვედრა გამოტოვებული აქვს, ხოლო “ინტერი” მე-11 ტურის მატჩს დღეს ჩაატარებს) და აქედან 44 მოიგეს. ურთიერთშეხვედრებში დაკარგულ ქულებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ხსენებულმა ხუთმა კლუბმა ამ დროისთვის მხოლოდ 6 ქულა გაანიავა ჯამში.

“იუვენტუსმა” 2 ქულა “ატალანტასთან” დაკარგა, “ინტერმა” “ბოლონიასთან”, ხოლო “ლაციომ” “სპალთან”. დანარჩენი მატჩები გუნდებმა მოიგეს. გარდა ერთმანეთთან თამაშებისა.

ამ დროისთვის ჩატარებულ ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება – “ნაპოლიმ”, რომში ორჯერ მოიგო, “რომასთან” (1:0) და “ლაციოსთან” (4:1), ხოლო “ინტერთან” შინ ფრე ითამაშა (0:0). თავის მხრივ, “ინტერმა” ნეაპოლიტანელებთან ფრის გარდა, “რომას” აჯობა სტუმრად (3:1). “ლაციომ” ტურინში “იუვენტუსი” დაამარცხა (2:1).

დანარჩენი დიდი მატჩები კი ჯერ კიდევ წინ გველის, მაგალითად: “იუვეს” სათამაშო აქვს “ინტერთან”, “რომასთან” და “ნაპოლისთან”. არ შემდგარა რომაული დერბი და “ინტერი” – “ლაციოს” მატჩიც...

მოკლედ, სერია A-ს მიმდინარე სეზონის მართლაც უაღრესად საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს. ვნახოთ, როგორი იქნება გაგრძელება. მანამდე კი, ზედა ხუთეულის სატურნირო მდგომარეობაზე გეტყვით:

“ნაპოლი” – 11 მატჩი, 10 მოგება, 1 ფრე, 31 ქულა.

“იუვენტუსი” – 11 მატჩი, 9 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 28 ქულა.

“ლაციო” – 11 მატჩი, 9 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 28 ქულა.

“ინტერი” – 10 მატჩი, 8 მოგება, 2 ფრე, 26 ქულა (“ინტერი” მე-11 ტურის მატჩს, დღეს “ვერონასთან” ჩაატარებს).

“რომა” – 10 მატჩი, 8 მოგება, 2 წაგება, 24 ქულა (“რომას” “სამპდორიასთან” გადადებული შეხვედრა მარაგში აქვს).

0.12505