ლონდონის “ჩელსი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს რომში, “რომასთან” გამართავს. აღნიშნული თამაშის წინ Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და “ჩელსის” ფორვარდ ალვარო მორატასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
მორატასთვის იტალია ძალიან კარგად ნაცნობია და იტალიისთვის – მორატა. ესპანელი 2014-2016 წლებში “იუვენტუსის” შემადგენლობაში თამაშობდა. ფეხბურთელის თქმით, იგი არასდროს დატოვებდა “იუვეს” რომ არა, კონტრაქტი მადრიდის “რეალთან”. მისი განცხადებით, ეს იყო შეცდომა და იმედგაცრუება...
- როგორ შეეწყვეთ ინგლისს?
- იყო რამდენიმე ხელსაყრელი სიტუაცია. პირველი მთავარი მწვრთნელი – კონტეს ვიცნობდი და არ მქონია პრობლემა მის სამწვრთნელო იდეებთან შერწყმის. მეორე არის გარემო. ძალიან კარგად შევეწყვე თანაგუნდელებს, ვიცნობდი ალონსოს, ფაბრეგასსა და პედროს. და ბოლოს, მესამე – ჩემი მეუღლე, რომელიც ლონდონში ჩემთან ერთადაა.
- გითამაშიათ ესპანეთსა და იტალიაში. ახლა ინგლისში თამაშობთ. რა განსხვავებაა ამ ქვეყნებს შორის?
- ესპანეთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკაა. იტალიაში ტაქტიკა, თუმცა ხარისხსაც დიდი ყურადღება ექცევა. ინგლისში კი უპირველესი ფიზიკური მომზადებაა.
- სად უფრო რთულია თამაში?
- იტალიაში. ძალიან ორგანიზებული გუნდები არიან და მაღალი დონის მცველები.
- რა მოგცათ იტალიამ ფეხბურთის გარდა?
- მომცა ცხოვრების თანამგზავრი, ალიჩე, ვენეციელი, ულამაზესი ქალაქის შვილი. იტალიაში ცხოვრებით უდიდესი გამოცდილება მივიღე. “იუვენტუსში” ორი ფანტასტიკური სეზონი გავატარე. იტალიაში მივედი, როგორც ბიჭი და წავედი როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. იტალია ესპანელისთვის საცხოვრებლად იდეალური ქვეყანაა. ყველაფერი გაქვთ: სილამაზე, ისტორია, ხელოვნება, სამზარეულო, მოდა... ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, “იუვეს” არასდროს დავტოვებდი.
- რა არის “იუვენტუსის” დამახასიათებელი ნიშანი?
- გამარჯვებულის მენტალიტეტი და დიდი პროფესიონალიზმი.
- რატომ დაბრუნდით “რეალში”?
- კონტრაქტი მაკავშირებდა, რომლისთვისაც პატივი უნდა მეცა. თუმცა, იქ იმედგაცრუება დამხვდა – მექცეოდნენ ისე, როგორ იტალიაში წასვლამდე, პატარა ბიჭს.
- ამიტომ გადახვედით “ჩელსიში”?
- ლონდონში გადასვლის მთავარი მიზეზი ანტონიო კონტეა. მასთან საუბარი ჯერ კიდევ გაზაფხულზე მქონდა და ზაფხულში ლონდონში აღმოვჩნდი.
- როგორია კონტესთან ურთიერთობა?
- ის ფეხბურთელს საუკეთესოდ იყენებს. მისთვის მთავარია ჯერ ფეხბურთელი და შემდეგ მწვრთნელი.
- ინგლისში გატარებული პირველი თვეების შემდეგ რომელ გუნდს და ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- “მანჩესტერ სიტის” და “უოტფორდის” ფეხბურთელ რობერტო პერეირას, რომელიც ჩემი მეგობარია.
- ხვალ იტალიაში ბრუნდებით და “რომას” ეთამაშებით...
- “რომამ” ლონდონში გამართულ მატჩში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გამარჯვება დაიმსახურა. თუმცა, ახლა ყველაფერი ნულიდან იწყება. ამ თამაშის მერე სამი შეხვედრა მოვიგეთ და ჩვენი მიზანი ამ სერიის გაგრძელებაა.
- “სტემფორდ ბრიჯზე” საუკეთესო ედინ ჯეკო იყო...
- ნამდვილად გასაოცრად ითამაშა. პირველი გოლი ნამდვილი შედევრი იყო. ჯეკო ყოველთვის მომწონდა, ნამდვილი ჩემპიონია.
- “რომაში” აღარ თამაშობს ფრანჩესკო ტოტი...
- ჩემთვის საპატიო იყო მის წინააღმდეგ თამაში. ტოტი ლეგენდაა.
- თქვენს ჯგუფში არიან “რომა” და “ატლეტიკო”. რომელს აირჩევდით?
- “რომას”. ლონდონში ამ გუნდმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. მადრიდში კი სრულყოფილი თამაში გვქონდა. მაგრამ “რომა” დღეს “ატლეტიკოზე” ძლიერია.
- ესპანეთში ახლა რთული პერიოდია. რას ფიქრობთ კატალონიის დამოუკიდებლობაზე?
- მე ვარ ესპანელი და ვწუხვარ, რომ სიტუაცია აქამდე მივიდა. ვფიქრობ, მხარეები საბოლოოდ იდეალურ გამოსავალს იპოვიან.
- იტალია გენატრებათ?
- ძალიან. ჩემს მეუღლეს ესპანეთში ცხოვრება უნდა, მე – იტალიაში. აქაც უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას.
- როგორ ცხოვრობთ ლონდონში?
- ძალიან კარგად. ვცხოვრობ ცენტრში, ჩელსის ნაწილში. თუმცა, ინგლისში ცხოვრებას დიდი ხნით არ ვაპირებ.