ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” საკუთარ დარბაზში “დეტროიტ პისტონთან” მოულოდნელად 107:115 დამარცხდა.
ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 19 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ზაზამ ფარს ერთხელ შეუტია და ისიც წარმატებულად.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მესამე პერიოდის ბოლოს “დეტროიტი” დაწინაურდა და მთელი მეოთხე მეოთხედი “მეომრებმა” თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს. “გოლდენ სტეიტში” მხოლოდ სამი კალათბურთელი გამოირჩა: ტომპსონი 29 ქულა, დურანტი 28 ქულა, კარი 27 ქულა. დეტროიტლებმა უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ხუთ კალათბურთელს 15 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 23 ქულით ბრედლი გამოირჩა. ანდრე დრამონდს 8 ქულა და 18 მოხსნა ჰქონდა.
“გოლდენ სტეიტი” 4 მოგებით და 3 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩში სტივ კერის შეგირდები გასვლაზე “კლიპერსს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.