ფეხბურთი

5:00 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალის” სენსაციური მარცხი კატალონიაში

ლა ლიგის მე-10 ტურში ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა. დებიუტანტი “ხირონა” საკუთარ კედლებში “რეალს” დაუხვდა და ყველასთვის მოულოდნელად, მადრიდში უქულოდ გაისტუმრა.

“ბლანკოსს” ისედაც ბევრი ქულა ჰქონდა დაკარგული და მისგან ფეხის დაცდენას აღარავინ მოელოდა. თანაც კატალონიაში, სადაც ორიოდე დღის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და “რეალი” განსაკუთრებით სძულთ.

მასპინძლებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატივეს და ისტორიული გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს, ხოლო “რეალმა” ლა ლიგაში გასვლაზე 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. “სამეფო კლუბს” 2017 წლის 2 თებერვალს “ვალენსიასთან” წაგებული შეხვედრის შემდეგ, სტუმრად ყველა მატჩი ჰქონდა მოგებული და “ბარსელონას” რეკორდი დაამხო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მასპინძლებმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და მე-11 წუთზე მაფეოს გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა: ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ “რეალმა” უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც ისკოს მიერ ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დასრულდა. შესვენებამდე ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო: სტუმართაგან ამის გაკეთების შანსი რონალდუს და ბენზემას ჰქონდათ, ხოლო მასპინძლებმა 36-ე წუთზე კიკო კასილიას კარის ძელს ბურთი მეორედ გაარტყეს: ამჯერად პორტუს არ გაუმართლა.

სამაგიეროდ, კატალონიელთათვის დიდებულად დაიწყო მეორე ნახევარი. 54-ე წუთზე მადრიდელთა დაცვა უხეშად შეცდა, რითაც კრისტიან სტუანიმ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო ოთხ წუთში “რეალის” დაცვა კიდევ ერთელ ჩავარდა, რითაც ამჯერად ზემოხსენებულმა პორტუმ ისარგებლა, ახლო მანძილიდან შეაგდო და “ხირონა” დააწინაურა. ათ წუთში კრისტიან სტუანის სულაც დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ კასილიას კარს ახლო მანძილიდან ააცილა. დარჩენილ დროში “ბლანკოსმა” რასაკვირველია შეუტია, თუმცა კატალონიელებმა თავი კარგად დაიცვეს და ისტორიული 3 ქულა ხელიდან არ გაუშვეს – 2:1.

“რეალს” 20 ქულა დარჩა და “ატლეტიკოსთან” ერთად 3-4 ადგილებს იყოფს. მადრიდელები “ვალენსიას” 4 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო “ბარსელონას” – 8 ქულით.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა “მალაგამ”, რომელმაც “ლა როსალედაზე” “სელტა” დაამარცხა. ანდალუსიელებს ტაიმი ადრიანმა მოაგებინა, რომელმაც თავური დარტყმით სტუმრებს გასახდელში გაატანა გოლი. ანგარიში 76-ე წუთზე იაგო ასპასმა მშვენიერი თავურით გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე რესიომ პენალტი შეასრულა ზუსტად და “მედუზებს” გამარჯვება ეღირსათ – 2:1.

“ხეტაფე” შინ “სოსიედადს” დაუხვდა და თითქმის მთელი თამაშის განმალობაში აგებდა, თუმცა უკანასკნელ 15 წუთში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და ბასკები უქულოდ დატოვეს, ხოლო “ლევანტემ” “ეიბართან” მოპოვებული ორბურთიანი ჰანდიკაპი ვერ შეინარჩუნა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება.

ხეტაფე – სოსიედადი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ოიარზაბალი (5), 1:1 ა.როდრიგესი (78), 2:1 მოლინა (85 პენ.)

ხირონა – რეალი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ისკო (12), 1:1 სტუანი (54), 2:1 პორტუ (58)

ეიბარი – ლევანტე 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 მორალესი (35), 0:2 ბარდი (37), 1:2 არბილია (51), 2:2 ჩარლესი (74)

მალაგა – სელტა 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ადრიანი (45+1), 1:1 ასპასი (76), 2:1 რესიო (83 პენ.)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105734